Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო ზეიმად ქცეული თასის ფინალი

 

 

 

 

 

2016 წლის 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ.

 

თასის გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე გაიმართა გახსნის საზეიმო ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა ზესტაფონის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბიჭუნათა გუნდმა "ჯავარდენმა" , რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის გოგონათა გუნდმა (ორივე ამ კოლექტივის მხატვრული ხელმძღვანელი - ეკა ბარბაქაძე) და ქორეოგრაფიული ანსამბლი "შევარდენის" (მხატვრული ხელმძღვანელები - ნანა ღიბრაძე და ბორის დადუნაშვილი) ბავშვებმა მიიღეს...

 

2016 წლის საშემოდგომო გათამაშების ფინალმა მაყურებელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია - "დავით აბაშიძეზე" სრული ანშლაგი იყო. ქუთაისიდან და მარტვილიდან ჩამოსულ ქომაგებთან ერთად, ფინალს ფეხბურთის ადგილობრივი მოყვარულიც მრავლად დაესწრო. ცხადია, სტადიონზე იყვნენ დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფეხბურთის სპეციალისტები და მედიის წარმომადგელები...

 

დამატებითი ხიბლი ამ საღამოს პირდაპირი რეპორტაჟის სტადიონის აღმოსავლეთ მხარეს სპეციალურად ფინალისთვის აშენებული პლატფორმიდან წარმოებამ შესძინა, ტელეტრანსლაციამ "დავით აბაშიძის" ტრიბუნებზე შექმნილ არაჩვეულებრივ საფეხბურთო ატმოსფეროს ხაზი კიდევ უფრო გაუსვა და ტელეეკრანებთან მყოფ მაყურებელს ამ ზეიმში ჩართვის მეტი საშუალება მისცა...

 

აუცილებლად უნდა ითქვას იმაზეც, რომ სტადიონის ადმინისტრაციამ სათამაშო მოედანი ფინალური მატჩისთვის ბრწყინვალედ მოამზადა. მედიის წარმომადგენლები და რიგითი გულშემატკივრები ვერ მალავდნენ გაკვირვებას "დავით აბაშიძის" მწვანე საფარის მშვენიერი მდგომარეობის გამო...

 

როგორც აქამდეც ვწერდით, ზესტაფონი, თბილისისა და ქუთაისის შემდეგ, გახდა ჩვენი ქვეყნის მესამე ქალაქი, რომელსაც ესოდენ პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის პატივი ერგო. რაც შეეხება თასის ფინალების მასპინძელ საფეხბურთო არენებს, დღეიდან ამ თვალსაზრით "დავით აბაშიძე" "დინამო-არენის", "მიხეილ მესხისა" და ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სახელწოდებებისაგან შემდარ საპატიო სიას შეუერთდა...

 

P.S. სამწუხაროდ, გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგ, დაფიქსირდა საფეხბურთო ვანდალიზმის შემთხვევებიც, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანებულია მინდვრის საფარის ერთი მონაკვეთი და დამტვრეულია სტადიონის 100-მდე პერსონალური სავარძელი. თუმცა, გუშინდელი საღამოს მიერ გამოწვეული დადებითი განწყობის გათვალისწინებით, წინამდებარე პუბლიკაციაში თავს შევიკავებთ ამ თემის გაშლისაგან...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდების ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016