13.11.2016
საჩხერეში მოპოვებული სამი ქულა და "სამართლიანი თამაშის" იმედი
13 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეცამეტე ტურის შეხვედრა ჩაატარა - საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ...
დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, ბერაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე (მაცაბერიძე, 75), კაშია, სამხარაძე (წითელაშვილი, 38), ადამია, შეყილაძე (ტაბატაძე, 74), ჟღენტი (ფაღავა, 78), ბ. ფერაძე, არაბიძე.
მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე 11 წუთით ადრე სტუმრებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გახსნა - მიმდინარეობდა შეხვედრის 29-ე წუთი, როდესაც საჩხერელთა კართან დაინიშნა კუთხური, რომლის ჩამოწოდების შემდეგ ყველას მარგველთა ფორვარდმა ბესო ფერაძემ დაასწრო და მაღალ ნახტომში ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში თავით გადაგზავნა...
მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო, მაგრამ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, 49-ე წუთზე ანგარიში ორამდე მაინც გაიზარდა - "ჩიხურას" მეკარე ბერიკა მაჭარაშვილის უყურადღებო თამაშით კარგად ისარგებლა ზესტაფონელთა კიდევ ერთმა შემტევმა გოგა არაბიძემ და ბურთი ცარიელ კარში უპრობლემოდ შეაგორა.
მეორე გაშვებულ გოლს საჩხერელთა გააქტიურება და სტუმართა კარში გატანილი საპასუხო გოლი მოჰყვა - 59-ე წუთზე იაკობ ნოზაძის მიერ გატანილი გოლის შემდეგ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. "ჩიხურამ" მატჩის გადასარჩენად გაიწია, თუმცა 68-ე წუთზე დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხს საბოლოო პასუხი გაეცა - ზესტაფონელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა ბესო ფერაძემ, რომელმაც დუბლიც გაიფორმა და დღევანდელი შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 1-3.
სასიხარულოა, რომ ჩვენი ჭაბუკები ისევ ჩაერთვნენ ჩემპიონატის გადამწყვეტ (ფლეი-ოფის) ეტაპზე გასასვლელი საგზურისათვის ბრძოლაში, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელთა სატურნირო პერსპექტივების საკითხი პირველობის დარჩენილ მატჩებში მარგველთა მეტოქეთა მონაწილეობით გასამართი მატჩების შედეგებსა და მათი მხრიდან "სამართლიანი თამაშის" პრინციპების პატივისცემაზეა დამოკიდებული...
შემდეგ მატჩს ჩვენი ჭაბუკები 20 ნოემბერს გამართავენ - ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით, რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე დაუხვდებიან.
|