Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონი - ქალაქი ფეხბურთით, ქალაქი უფეხბურთოდ

 

17-წლამდელთა გუნდი და მოლოდინის რეჟიმი

 

 

 

 

 

ბევრს აღუნიშნავს და ამაში სადავო არც არაფერია, რომ "ზესტაფონი" დააკლდა ქართულ ფეხბურთს. დააკლდა იმიტომ, რომ რიგითი გუნდი ნამდვილად არ იყო, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩეოდა შემტევი, სანახაობრივი თამაშით. უფრო იმიტომ დააკლდა, რომ "ზესტაფონში" იზრდებოდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც შემდგომში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, უმეტესობა მათგანი 21-წლამდელებში ლიდერიც კი იყო.

 

არაფერს ვამბობთ ინფრასტრუქტურაზე. ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სტადიონზე მშვენიერი მინდორია, ქალაქში არსებულ ბაზაზე კი სამი სტანდარტული მოედანია, ხოლო კლუბს თბილისშიც, ზღვის პირას აქვს ბაზა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს. დაგვეთანხმებით, საქართველოს კვალობაზე მართლაც ბევრია...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სახელით დღეს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობს. ეს გახლავთ 17-წლამდელთა გუნდი, რომელიც U17 ჩემპიონატის ცენტრალურ ზონაში გამოდის და საკმაოდ კარგადაც. ზესტაფონელებს 10 მატჩში 6 მოგება და 4 წაგება აქვთ, ფლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან. ასეთი სულ სამი ზონაა და მეოთხედფინალურ ფლეი-ოფში გავლენ ორ-ორი საუკეთესო, პლუს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

 

რას ნიშნავს ეს გუნდი ზესტაფონელთათვის და საერთოდ, რას ელის ქალაქი უახლოეს მომავალში საფეხბურთო თვალსაზრისით, ამის შესახებ "ზესტაფონის" მენეჯერი სერგო ფუტკარაძე გვიყვება:

"17-წლამდელთა გუნდის ჭაბუკები ბავშვობიდან ერთად მოდიან. მთავარი მწვღთნელი გურამ მაზმიშვილია, თანაშემწე კი მისი ვაჟი - ლაშა მაზმიშვილი. ბიჭები 7-8 წლისა იყვნენ, როცა დღევანდელი მწვრთნელის ხელში მოხვდნენ, მერე ზესტაფონის "ამირანის" სახელით თამაშობდნენ. შარშან, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უსამართლოდ მოკვეთა ჩემპიონატიდან, აღნიშნული ჭაბუკთა გუნდი ადგილობრივმა სპორტულმა სკოლა "მარგვეთი-2006"-მა შეიფარა. ერთი სეზონი ითამაშეს მათი სახელით. ისე, "ამირანამდე" და "მარგვეთი-2006"-მდე "ზესტაფონის" სახელით გამოდიოდნენ. 17-წლამდელებში 1999 წელს დაბადებულებს შეუძლიათ თამაში, მაგრამ ჩვენს გუნდში 1999-იანი არავინ არაა, 2000 წელს დაბადებულებით გამოდიან და ორნი სულაც 2001-იანები არიან".

 

რესპოтდენტმა ისიც გვითხრა, რომ მაზმიშვილების გაწვრთნილი გუნდი დასავლეთის ჩემპიონატში გამოდიოდა და ორჯერ გახდა ჩემპიონი, თანაც, დამაჯერებლად. აღნიშნული ტურნირი იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდებოდა. თუმცა 17-წლამდელთა ჩემპიონატში, სადაც ახლა თამაშობენ, გაცილებით მაღალი დონეა, აქ გამოდის საკმაოდ ძლიერი "ლოკომოტივი" (ასევე 2000 წელს დაბადებულებით), სფფ-ის აკადემია, ქუთაისის "ტორპედო", "ავაზა", "სამტრედია", გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა".

 

"გუნდში თითქმის ყველა ადგილობრივი ჭაბუკია. ზოგი ზესტაფონში მცხოვრებია, ზოგიც მიმდებარე სოფლებიდან. სამი თერჯოლელია, ახლა ფოთელი ბიჭიც შემოგვემატა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ეკიპირებით, კვებითა და ტრანსპორტირებით. ესეც, რა თქმა უნდა, "ზესტაფონის" მფლობელის, ბატონი ილია კოკაიას დამსახურებაა. ზოგადად, ბაზაზე ატარებენ საშინაო მატჩებს, თუმცა ერთი შეხვედრა "დავით აბაშიძეზეც" ჰქონდათ...

 

ორი შეხვედრიდან ორივე მოვუგეთ სფფ-ის აკადემიას, ზესტაფონში "ლოკომოტივსაც" ვძლიეთ, ეს ორი გუნდი კი იმიტომ აღვნიშნე, რომ პირველ-მეორე ადგილზე არიან. ჩვენ მესამე-მეოთხე ადგილებს ვიყოფთ "სამტრედიასთან". თავიდან ძალიან გაუჭირდათ ბიჭებს და მიზეზი ერთია: ხელოვნურიდან ბუნებრივ საფარზე გადმოსვლა გაუჭირდათ, მიუჩვეველნი იყვნენ და კუნთების პრობლემა ჰქონდათ, რამაც ნელ-ნელა გაიარა".

 

მარგველთა მენეჯერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც იმერულ კლუბს 100 ბურთი აჩუქა. სხვათა შორის, "ზესტაფონის" U17-ს სახელით დღეს მოასპარეზე გუნდმა გასულ ზაფხულს ლიტვაში მოიგო ტურნირი:

"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახლავართ და ზაფხულში ლიტვაში ვიყავი, კერძოდ, ქალაქ ტაურაგეში. ზესტაფონი და ტაურაგე დაძმობილებული ქალაქებია, მასპინძლებმა და ქართულმა მხარემ სამომავლო თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები და მათ შორის, დაიგეგმა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც ზესტაფონელთა 16-წლამდელთა გუნდმა მიიღო მოწვევა და იქ ჩემპიონიც გახდა. ჩვენს გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ კლუბები კალინინგრადის ოლქიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან".

 

ზესტაფონში იგეგმება უფრო ქვედა ასაკის გუნდების ჩამოყალიბებაც. "ზესტაფონის" მენეჯერმა კი გვითხრა, რომ ჭაბუკთა გუნდს გათავისებული აქვს, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონი კლუბის სახელს იცავენ:

"როდესაც ბიჭებმა გაიგეს, რომ ასაკობრივ ჩემპიონატში "ზესტაფონის" სახელით გამოვიდოდნენ, ძალიან გაუხარდათ. ეს მათ დიდ სტიმულს მატებს. გულშემატკივრებიც იმედიანად უყურებენ ამ გუნდს".

 

ჭაბუკები გასაგებია, მაგრამ მთავარი გუნდი? ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მთელი ქალაქი მოლოდინის რეჟიმშია:

"ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სფფ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა ადეკვატურად უყურებს საკითხებს. ისინი შეგვპირდნენ, რომ სამართლიანობას აღადგენენ და დაგვაბრუნებენ იმ ლიგაში, საიდანაც უსაფუძვლოდ მოგვკვეთა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ. თანაც, გავითვალისწინოთ, რისთვის მოგვკვეთეს? იმიტომ, რომ გარიგებულ მატჩზე დავიწყეთ საუბარი. პირიქით, მადლობა უნდა გადაეხადათ, ამის ნაცვლად კი...

 

ამჟამინდელი ფედერაცია კი მკაცრად ებრძვის თამაშების ჩაწყობას, მათი დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართლიანობას აღადგენენ. მგონი, ყველა თანხმდება, რომ დასაკარგი კლუბი არა ვართ. ჩვენს ბაზაზე ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს, ჩვენს სტადიონზე წლეულს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა (უკრაინასთან და ხორვატიასთან) და სფფ-ის ხელმძღვანელობისგან დადებითი შეფასებაც მიიღო. არაერთი შემოთავაზება გვაქვს კლუბებისგან, რომ "დავით აბაშიძეზე" გამართონ საშინაო თამაშები. აი, ბოლო პრეცედენტიც: საქართველოს თასის ფინალს სწორედ ზესტაფონი უმასპინძლებს. დიდი მადლობა ფედერაციას, რომ ეროვნული თასის ფინალის ჩატარების პატივი გვარგუნეს. გვერდში გვიდგანან, ამას ვხედავთ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენას კვლავაც ველით".

 

Worldsport.ge "ზესტაფონის" ფან-კლუბის პრეზიდენტ კოტე ბოჭორიშვილსაც ესაუბრა. აი, მისი კომენტარიც:

"უპირველესად, ჩვენი ჭაბუკთა გუნდიდან დავიწყებ. იმედის თვალით შევყურებთ და გვიხარია, რომ ბოლო მატჩებში თითქმის მუდმივად იგებენ. თავიდან გარკვეული მიზეზების გამო შედეგიანად ვერ თამაშობდნენ, თუმცა მერე გამოასწორეს. ბატონმა ილია კოკაიამ კარგი საქმე გააკეთა, რომ ეს გუნდი ძლიერ ასაკობრივ ლიგაში "ზესტაფონის" სახელით გამოდის. სამწუხაროდ, მთავარი გუნდის გარეშე ვართ დარჩენილნი, ზესტაფონს დიდი ფეხბურთი ენატრება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დანაპირებს შეასრულებს - უსამართლოდ მოკვეთილებს სამართლიანად დააბრუნებს კუთვნილ ადგილას...

 

რისთვის მოკვეთეს "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან?! იმიტომ, რომ ჩაწყობილი თამაში ამხილა და ეს იყო ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს. ამჟამინდელი ფედერაცია კი საქმით ამტკიცებს, რომ ამგვარ გარიგებულ თამაშებს ებრძვის. გვჯერა, განიხილავენ ჩვენს საკითხს და სამართლიანობას აღადგენენ. მანამდე კი ის დაგვრჩენია, რომ იმედით ვუყუროთ ჩვენს ჭაბუკებს"...

 

 

ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016