Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.10.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" ლიდერს ანადგურებს

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში გათამაშების კიდევ ერთ ლიდერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თბილისის აკადემიის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით ანგარიშით 6-3 დაამარცხა...

 

გათამაშების წინა ტურში სამტრედიაში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, ზესტაფონელები მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ და საქმეს აკადემიელებთან შეხვედრის დებიუტშივე შეუდგნენ - თბილისელებთან დაპირისპირების პირველსავე წუთზე თავის გუნდი შოთა შეყილაძემ დააწინაურა...

 

მასპინძლები თბილესელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ და მათ კართან ერთმანეთის მიყოლებით კიდევ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს - აკადემიელები თითოჯერ მათივე კარის ხარიხამ და ძელმა გადაარჩინა. 22-ე წუთზე კი ანგარიში მაინც გაიზარდა - თანაგუნდელთა სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით მეკარე გურამ ჩიკაშუასთან პირისპირ გასულმა შოთა შეყილაძემ დააგვირგვინა.

 

სტუმრებმა თამაშის მოედნის ზემოიმერელთა ნახევარზე გადატანა სცადეს და პასუხად ელვისებური კონტრშეტევა და მორიგი გაშვებული გოლი მიიღეს - ამჯერად სტუმართა გოლკიპერთან დუელი მასთან პირისპირ გასულმა გოგა არაბიძემ მოიგო. ეს ეპიზოდი შეხვედრის 27 -ე წუთზე მოხდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისი ძალიან უხვგოლიანი გამოდგა - 43-ე წუთზე ზესტაფონელმა შოთა შეყილაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიშში მასპინძელთა უპირატესობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. აკადემიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ისინი არ გატეხა და 46-ე წუთზე თანაგუნდელის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად გიორგი გულიაშვილმა აქცია...

 

თბილისელთა საპასუხო გოლს კი ზესტაფონელთ მორიგი "აფეთქება" და ერთწუთიან მონაკვეთში მეტოქეთა კარში გატანილი ზედიზედ ორი გოლი მოჰყვა - 47-ე წუთზე გოგა არაბიძემ დღევანდელ შეხვედრაში თავის მეორე გოლი გაიტანა, 48-ეზე კი საბა სამხარაძემ ანგარიში 6-1 გახადა...

 

ამის შემდეგ მარგველებმა თბილისელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს და დარჩენილ დროში აკადემიელებმა ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს კიდეც - 72-ე წუთზე იმერელთა კარში დანიშნული კიდევ ერთი პენალტი გოლად ისევ გიორგი გულიაშვილმა აქცია, ხოლო 73-ეზე "ზესტაფონის" საჯარიმოში შექმნილი არეულობისას, ბურთი კარის ბადეში ერთ-ერთი მცველის ფეხთან შეხების შემდეგ შეგორდა. საბოლოოდ, მატჩი დიდი ანგარიშით 6-3 დასრულდა.

 

 

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატი
ჭაბუკთა ლიგა U-17, ცენტრალური ზონა. მეათე ტური.
28 ოქტობერი. ზესტაფონი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზა.
"ზესტაფონი" – "სფფ-ს აკადემია" (თბილისი) – 6:3

"ზესტაფონი": გოგოლაძე, კაშია, ხუჯაძე (აბჟანდაძე, 22), გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, სამხარაძე, ტაბატაძე (ფაღავა, 51), ბ. ფერაძე (ჟღენტი, 65), მაცაბერიძე, შეყილაძე, არაბიძე (ტალახაძე, 63).
მთ. მწვრთნელი: გურამ მაზმიშვილი.
"სფფ-ს აკადემია":
ჩიკაშუა, ოდიშელიძე, ტალახაძე (ბოჭორიშვილი, 62), მემარნე (მიქაუტაძე, 27), მესიაჩენკო (ჭანია, 50), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი, გაგუა, კაპანაძე, აშორდია, აბზიანიძე.
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.
გოლები: 1:0 შეყილაძე (1), 2:0 შეყილაძე (22), 3:0 არაბიძე (27), 4:0 შეყილაძე (43), 4:1 გულიაშვილი (46, პენ), 5:1 არაბიძე (47), 6:1 სამხარაძე (48), 6:2 გულიაშვილი (72, პენ), 6:3 გაბრიაძე (73, საკ,კარში).
მსაჯი: ტარიელ რუხაია (სამტრედია).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016