17.08.2016
"ლელოს" პუბლიკაცია
"ზესტაფონი" ჩემპიონატში ჭაბუკებით ბრუნდება
2016 წლის 17 აგვისტოს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც მისი ავტორი, ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილი საქართველოს საფეხბურთო პირველობის ასაკობრივი ტურნირების მოახლოვებულ სტარტსა და ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაბრუნებაზე საუბრობს...
"17-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეები სამ ზონად (დასავლეთი, ცენტრალური, აღმოსავლეთი) განაწილდნენ და თამაშებს 2 სექტემბერს დაიწყებენ. მეოთხედფინალში ზონების პირველ-მეორეადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებენ და პლეი-ოფებით ტურნირის გამარჯვებულისა და საპრიზო ადგილების მფლობელთა ვინაობას გაარკვევენ.
U17-ში ლიგა ასე დაკომპლექტდა:
დასავლეთი
"დინამო (ბთ)", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი", სფფ-ის აკადემია (ზუგდიდი).
ცენტრი
ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", საჩხერის "ჩიხურა", გორის "დილა", "ავაზა" (თბ), "ლოკომოტივი" (თბ), "ზესტაფონი", სფფ-ის აკადემია (თბ).
აღმოსავლეთი
თბილისის "დინამო" (თბ), "საბურთალო" (თბ), ბოლნისის "სიონი", "ვიტ ჯორჯია" (თბ), 35-ე სკოლა (თბ), "ცხინვალი", ლაგოდეხის "ჰერეთი".
აქ ერთი საინტერესო დეტალია: 17-წლამდელთა ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ითამაშებს. დიახ, არ ცდებით - წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ილია კოკაიას დაფინანსებული კლუბი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა. მართალია, ჯერ საქმეში იმერელთა 17-წლამდელების გუნდი ჩაერთო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა....
კულუარულად გვითხრეს, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, რათა "ზესტაფონი" დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. ეროვნულ ჩემპიონატში ზესტაფონელ ჭაბუკთა ასპარეზობის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება კი მათ შორის შეთანხმებისა და სფფ-ს კეთილი ნების საფუძველზე მოხდა.
როგორც ცნობილია, შარშან, აპრილში, "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან სფფ-ის წინა ფორმაციის სადისციპლინო კომიტეტისა და შემდეგ აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებების საფუძველზე მოკვეთეს...
მას შემდეგ კლუბი და მისი გულშემატკივრები სამართლიანობის აღდგენას ელიან. სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობაც კლუბის ჩემპიონატში დაბრუნებას იმედოვნებდა, მაგრამ ბარიერს იურიდიული საკითხები ქმნიდა. მაგრამ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდის საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა გვაიმედებს, რომ სფფ და კლუბი შეთანხმდებიან, შესაბამისად, "ზესტაფონი" ჩვენს ფეხბურთში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს "...
|