16.08.2016
"ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს უბრუნდება
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც სფფ-ს წინა ხელმძღვანელობა ზესტაფონის უფეხბურთოდ დატოვებას შეეცადა... შარშან აპრილში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მოკვეთილ იქნა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან და მას შემდეგ ჩვენი კლუბის წარმომადგენელ არცერთ გუნდს ფეხბურთს ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში არ უასპარეზია.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს - ვერდიქტს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მიერ "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები? უნდა ითქვას, რომ სფფ-სთან კონსულტაციები ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს და ნამდვილად გვეიმედება, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი სულაც არაა ამაო...
მანამდე კი, სანამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდის ბედი გარკვეულა, ზემოიმერლები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდით (მთავარი მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) უბრუნდებიან...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს U17 ჩემპიონატის ცენტრალურ ზონაში ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", საჩხერის "ჩიხურას", გორის "დილას", თბილისის "ავაზას", თბილისის "ლოკომოტივისა" და თბილისის "სფფ-აკადემიის" გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.
ტურნირი სტარტს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს აიღებს. U17 ჩემპიონატის მონაწილეები სამ ზონად (დასავლეთი, ცენტრი, აღმოსავლეთი) არიან დაყოფილი; თითოეული ზონის პირველ-მეორეადგილოსნები და მათთან ერთად ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში გააღწევენ, შემდეგ კი პლეი-ოფები გაიმართება და სწორედ ასეთი გზით ტურნირის გამარჯვებულისა და პრიზიორთა ვინაობაც გაირკვევა...
ზესტაფონელი ჭაბუკები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ჩვენი კლუბის ზესტაფონურ ბაზაზე საწვრთნელ შეკრებას გადიან და ესოდენ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობისათვის სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში წარმომადგენელი სადღეისოდ ერთადერთი გუნდი თანატოლებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს...
|