ზესტაფონს ამ დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი სტუმრობს. სამუშაო ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე სპეციალური სამუშაოების ჩატარება გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (მთავარი მწვრთნელი - გია გეგუჩაძე) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ხორვატ თანატოლებს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უმასპინძლებს.
ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური მატჩისათვის მზადების ფარგლებში, 13 და 14 აგვისტოს სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფის (ხელმძღვანელი - ალექსანდრე თორია) მიერ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ზესტაფონის საფეხბურთო ბაზას უტარდება ამ პერიოდისათვის აუცილებელი სამუშაოები (ნიადაგის აერაცია, მოედნის სკარიფიკაცია, ქვიშის შეტანა და ა.შ.).
ჩვენ კი ამ სამუშაოების მიმდინარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...