Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.08.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"პრაიმ თაიმის" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

 

 

2016 წლის 5 აგვისტოს გაზეთ "პრაიმ თაიმში " გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც მისი ავტორები ზესტაფონში მომხდარ ხანძარზე და ზოგადად ამ ბოლო ხანს შექმნილ ვითარებაზე მოგვითხრობენ. ამავე პუბლიკაციაში ჩვენი ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებზე "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაიაც საუბრობს.

 

ჩვენ კი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

,,ის, რაც ზესტაფონში მოხდა, ყოვლად დაუშვებელია, იმიტომ რომ უბრალო ადამიანების გაჭირვებულ ბედზე არ შეიძლება მოიწყო ცხოვრება და ეს იყოს შენი ფულის შოვნის წყარო”, – ასე გამოეხმაურა ილია კოკაია ზესტაფონში ე.წ.  შავი ბაზრის დაწვის ფაქტს.

ილია კოკაიას თქმით, ის მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გაიგოს ბაზრის დაწვის რეალური მიზეზი და გაარკვიოს ვის ინტერესებია ,,გამდიდრდეს სხვისი უბედურების ხარჯზე”.

 

ილია კოკაია: ,,ის, რაც ზესტაფონში მოხდა, ყოვლად დაუშვებელია, იმიტომ რომ უბრალო ადამიანების გაჭირვებულ ბედზე არ შეიძლება მოიწყო ცხოვრება და ეს იყოს შენი ფულის შოვნის წყარო. ორივე მხარე თანხმდება, რომ ბაზარი, სადაც ეს ადამიანები ლუკმაპურს შოულობდნენ დაიწვა, იმიტომ რომ ვიღაცას იქიდან წიდის მოპოვება უნდა. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მე ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით და მინდა ვთქვა, რომ  ჩვენ ზესტაფონელებთან ერთად შევძლებთ, რომ ეს მავნე ფორმა, რომელიც ამ წუთას არსებობს ღარიბი ადამიანების  კიდევ უფრო გასაღატაკებლად და გასაუბედურებლად, აღმოიფხვრება. არ დავუშვებ, რომ ამ ადამიანებს ვინმე ასე მოექცეს. მე ამ თემას აუცილებლად ჩავყვები ბოლომდე. გავიგებ, რა მოხდა კონკრეტულად, ვინ დგას ყველაფერ ამის უკან.

 

ფაქტია, რომ მე ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც იყო ზესტაფონელი ხალხის ინტერესები და ახლაც ამ ყველაფერს ამ პოზიციიდან ვამბობ. თქვენი წინა რეპორტაჟიდან ჩანდა, როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ზესტაფონში. ადამიანეს სასიცოცხლო და სასუნთქი პირობები არ აქვთ და ახლა ამას დაემატა ის, რომ სარჩო-საბადელიც მოუსპეს და აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ეს არის დანაშაული ზესტაფონელი ხალხის წინაშე.  მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ  გავიგოთ რა მოხდა. ამ ხალხთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც ზესტაფონის ტერიტორიაზე თვითონ ამ ხალხს მოხმარდეს და ერთი კაპიკის საშოვნელად კი არ იდგეს, არამედ თავის ქალაქს და სიმდიდრეს თვითონ მიხედოს. მე ვპირდები მათ, რომ ამ ხალხთან ერთად ამისთვის ვიბრძოლებ“, – განაცხადა ილია კოკაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში ე.წ. შავ ბაზარს რამდენიმე დღის წინ ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. განადგურებულია მაღაზიები და საქონელი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზეზად ორი ვარიანტი განიხილება: ერთი რომ ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა და მეორე, რომ ცეცხლი ვიღაცამ განზრახ გააჩინა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭანტურიას ქუცაზე, სადაც ე.წ. შავი ბაზარი იყო განლაგებული სილიკომანგანუმის ტექნოგენური ნარჩენების საბადოა და სავარაუდოდ, ბაზრის გადაწვა ამ ნარჩენების მოპოვებას უკავშირდება.

ე.წ. შავი ბაზარი შპს ,,საირხეს” ეკუთვნოდა. ,,პრაიმტაიმი” დაუკავშირდა შპს ,,საირხეს” ერთ-ერთ მეწილეს ცეზარ მაღლაკელიძეს, რომელმაც ,,პრაიმტაიმის”კითხვებს პასუხი არ გასცა.

 

,, მე ჟურნალისტებისთვის არ მცალია ნამდვილად. რა კომენტარი უნდა გავაკეთო არსაიდან ხმა არსით ძახილი, დაიწყვა თუ რაღაცა არავინ არაფერს არ ამბობს, გამოვიძიებო ამბობენ. არ მინდა სისულელეებზე დროის კარგვა“, – განაცხადა ცეზარ მაღლაკელიძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნიკოლოზ კრავეიშვილის თქმით, ხანძრით მიყენებული ზარალის მოცულობა დაახლოებით 2 მილიონი ლარია. ნიკოლოზ კრავეიშვილი აცხადებს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოვაჭრეების ზარალის ანაზღაურებას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებ.

 

,,მუნიციპალიტეტი, სამწუხაროდ, თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ მუნიციპალიტეტმა ჩააყენა საქმის კურსში იგივე გუბერნია, იგივე მთავრობა და  მიმდინარეობს მუშაობა თუ რა რეაგირება უნდა მოხდეს შემდეგში. ახალი ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა მოლაპარაკება მესაკუთრესთან. 2 თვის ვადით დაუთმეს ტერიტორია უსასყიდლოდ და ორი თვის განმავლობაში შეუძლიათ განახორციელონ ვაჭრობა, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ეს ვადა გაუხანგრძლივდეთ. რაღაც ნაწილი, ჩვენი ინფორმაციით, თანახმაა და რაღაც ნაწილი შეიძლება უარზე იყოს. ეს არის მათი გადასაწყვეტი შევლენ თუ არა ახალ ბაზარში”, განუცხადა ,,პრაიმტაიმს” ნიკოლოზ კრავეიშვილმა.

 

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენას ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ"...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016