16.07.2016
თბილისური ბაზის ამბები
თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა სრულადაა დატვირთული. ამოქმედების დღიდან თბილისში მდებარე იმერელთა სპორტულ კომპლექსში არსებულ ორ უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო მოედანს ვარჯიშისა და თამაშის მსურველთა რიგი უდგას...
როგორც იცით, ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში გამართული ჯერ 19-წლამდელთა, შემდეგ კი 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილეები სწორედ ჩვენი ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ. მარტსა და მაისში იმერელთა კომპლექსის მოედნებზე შეკრება უკვე ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა გაიარა.
გასული თვის პირველ ნახევარში ბაზაზე ჯერ საფეხბურთო კლუბი "სამტრედია", შემდეგ საფეხბურთო კლუბი "გაგრა" და აზერბაიჯანის ჩემპიონატის წარმომადგენელი "გაბალა" ვარჯიშობდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე ირანის ქალაქ თებრიზის წარმომადგენელმა "შარხდარმა" ივარჯიშა...
ამ დღეებში ჩვენს თბილისურ ბაზაზე საწვრთნელ შეკრებას ირანული საკლუბო ფეხბურთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, საკუთარი ქვეყნის სამგზის ჩემპიონი, თეირანის საფეხბურთო კლუბი "საიპა" გადის (სხვათაშორის, სწორედ ამ კლუბში დაასრულა თავის შთამბეჭდავი კარიერა ლეგენდარულმა ირანელმა ფეხბურთელმა ალი დაეიმ). აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელთა კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე მომზადების სურვილს კიდევ რამდენიმე უცხოური კლუბი გამოთქვამს...
ჩვენ კი გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე სადღეისოდ არსებულ მდგომარეობასა და ამ რამდენიმე დღის წინ ბაზაზე გამართული ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის მიმდინარეობას ასახავს...
|
|
|
|
|
ფოტომასალა მოწოდებულია თაკო კოკაიას მიერ |
|