Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.07.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია: "ოთხშაბათის საკითხავი"

 

"ზესტაფონი" ზესტაფონზე არანაკლებად ქართულ ფეხბურთს სჭირდება

 

 

 

 

 

2016 წლის 13 ივლისს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც მისი ავტორი, ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" არყოფნით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს.

 

ჩვენ კი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ქართველები ვიტყვით ხოლმე, ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოჰკვეთაო. სწორადაც არის ნათქვამი და ქართული ფეხბურთის დღევანდელობასაც ძალიან უხდება. ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ამბავი ისეა, რომ რეალობას ვერაფერს ვუზამთ და ისღა დაგვრჩენია, ის მიზეზები გამოვიკვლიოთ, რამაც ჩვენი ფეხბურთი ამ დღემდე მიიყვანა...

თავის დროზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ 16-გუნდიანი ჩემპიონატი დააკანონა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მართებული ნაბიჯი. როცა 10 ან 12-გუნდიანი ჩემპიონატისთვის არ გაქვს საკმარისი რესურსი, 16-იანისთვის როგორ გექნება?

ასე იყო თუ ისე, ეს ჭირი დღემდე ვერ მოვიშორეთ. რა თქმა უნდა, არ არის მართებული იმის მტკიცება, რომ ყველაფერი ჩემპიონატის ფორმატის ბრალია, მაგრამ სიმართლის მოზრდილი მარცვალი ამაში ნამდვილად არის.

შევხედოთ, რამდენგუნდიან ჩემპიონატს ატარებენ ჩვენი კბილა, ჩვენი გაქანების ქვეყნები. არც ლიტვაში, არც ლატვიაში, არც ესტონეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ ტარდება 16-გუნდიანი ჩემპიონატი.

ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას რომ ჰკითხავდი, 16-გუნდიანი პირველობა რატომ აირჩიეთო, წამსვე მზად ჰქონდა პასუხი - რატომ და იმიტომ, რომ რეგიონებიდან რაც შეიძლება მეტი ტალანტი წამოვიდესო...

არა, ბატონებო, უმჯობესია, ეგ საკენკი თქვენს ქათმებს დაუყაროთ. ტალანტი როგორ წამოვა იმ გუნდიდან, რომელსაც არანაირი პირობა არ აქვს და თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი? ტალანტი როგორ წამოვა იმ გუნდიდან, რომელსაც სტადიონი არ აქვს, საწვრთნელ კომპლექსზე რომ არაფერი ვთქვათ?!

ასეთ გუნდებთან თამაშით სხვა ქართული გუნდების კლასიც დაეცა. სხვანაირად როგორ ავხსნათ "დილასა" და "ჩიხურას" მარცხი "შირაქთან" და "ზიმბრუსთან"? ჩვენი გუნდებისგან მთების გადაბრუნებას არა, მაგრამ იმას კი ვითხოვთ, რომ ასეთ მეტოქეებს მაინც მოუგონ.

ერთი ისიც ვიკითხოთ, როდის აღწევდნენ ქართული გუნდები საუკეთესო შედეგს ევროთასებზე ბოლო წლების განმავლობაში? ეს იყო არცთუ დიდი ხნის წინათ და ის დრო ყველას კარგად გვახსოვს. იმ დროს "დინამო", "ზესტაფონი" და "დილა" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოდნენ. და იმ დროს ქართულ კლუბებს მინუსად სწორედ იმას ვუთვლიდით, ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ ხვდებოდნენ, ახლა კი...

სირცხვილია, მეგობრებო, ძალიან დიდი სირცხვილია! ევროპული საკლუბო ფეხბურთის ახალმოსახლე გიბრალტარმა გაიყვანა ერთი გუნდი შემდეგ ეტაპზე იმ დალოცვილ ევროპალიგაზე და ჩვენ რაღა დაგვემართა?!

ერთიც: უკვე კარგა ხანია, "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთში აღარ არის. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქალაქისთვის, მაგრამ ახლა ასე მგონია: "ზესტაფონი" ზესტაფონზე არანაკლებად სჭირდება ქართულ ფეხბურთს. სჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ეს გამართული კლუბი, ორი ბაზით, კარგი სტადიონითა და კიდევ უფრო კარგი პერსპექტივით, დიდი ალბათობით, ისეთ გუნდებთან მაინც არ დამარცხდება, როგორებთანაც სხვა ქართული კლუბები დამარცხდნენ წლეულს...

დიახ, ბატონებო, ეს გუნდი სჭირდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს, რადგან დღეს, ერთი გამონაკლისის გარდა, ქართულ ფეხბურთში ვერ ვხედავთ კლუბს, ამხელა აქტივები რომ ჰქონდეს. და ის ერთი გუნდიც ვერ იქნება პროგრესული, თუ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში კონკურენცია არ გაიზარდა.

არ გვინდა, ბავშვი ნაბან წყალს გადაჰყვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა შეეშვას ზოგადი ფრაზებით ლაპარაკს და საქმეზე გადავიდეს. ფედერაციის პრესტიჟი ძლიერი კლუბია. უნდა თუ არა ამ ფედერაციას, ილია კოკაია შემოსაბრუნებელია ქართული ფეხბურთისკენ.

არადა, ჯერაც არ მომხდარა იმის შეფასება, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა მართებულად მოექცა კლუბს თუ არა. ძალიან, ძალიან გამოადგებოდა დღეს ქართულ ფეხბურთს "შტურმთან" და "ბრიუგესთან" ტოლ-სწორად მებრძოლი "ზესტაფონი". გამოადგებოდა საყოველთაო უიმედობისა და ჩავარდნის ფონზე.

ქართულ ფეხბურთში ყველა ყველას მეგობარია და ყველა ყველას წყენას ერიდება. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტი მოხდა და რაც მოხდა, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ არ მომხდარა. მე არ ვიცი ბოლომდე ამ ამბის ზუსტი გარემოებები და შესაბამისად, არც ის ვიცი, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამის გარჩევა ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა.

ამ საკითხის გარკვევა "ზესტაფონის" ქართულ ფეხბურთში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს მოჰფენს ნათელს.

ყველაფერი კარგია, მაგრამ ზესტაფონელ გულშემატკივარს სრული უფლება აქვს, მშობლიური ქალაქის სტადიონზე მოთამაშე თავისი გუნდი იხილოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სტუმართმოყვარე იმერლები ამის შემდეგაც ფართოდ გაუღებენ სტადიონის კარს ნებისმიერ ქართულ გუნდს.

...ჩვენ თავი ჯერაც მაღლა გვაქვს აწეული, არადა, საშუალოზე საშუალო გუნდები ყველა ნიუანსში გვჯაბნიან. ზესტაფონში ვიყავი "გაბალას" მატჩისწინა ვარჯიშზე. 20 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ახლდა აზერულ კლუბს.

სიმართლე ითქვას, თეთრი შურითაც ვეღარ შემშურდა, პირდაპირ შავზე გადავედი. 20 სპორტული გამოცემა თუ ტელეარხი! გვაქვს კი ეს საქართველოში? არ გვაქვს და ამაშიც არის ლოგიკა.

ხალხს აღარ აინტერესებს წაგებულ თამაშებზე წერა და ვაი-ვიში...

აღარ აინტერესებს ჩვენი "ვარსკვლავების" ტრანსფერები რუსეთის თუ უკრაინის დაბალი დონის გუნდებში...

აღარ აინტერესებს ნაკრები, რომელიც წელიწადში ერთხელ "ყარაულის თოფივით" ისვრის...

აღარ აინტერესებს "ჩაგრული" ფეხბურთელების ამბავი, რომლებიც თვეობით დაეხეტებიან სარჩოსა და კლუბის ძებნაში. მერე ჩამოვლენ და გვეუბნებიან, რომ ყველა გააოცა თავისი კლასით, მაგრამ ვიღაცამ "დაჩაგრა", რომ კონტრაქტის პირობები "არ მოეწონა" ან ტრავმა ისე მიეწია, როგორც გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში და ასეთი ზღაპრები...

ვხედავ ყოველივე ამას და უკვე ძალიან ხშირად მქენჯნის სინდისი. რამდენად საჭირო ვარ მე ქვეყნისთვის, როგორც ჩემი საქმის რიგითი პროფესიონალი და რამდენად სწორად ავირჩიე ეს პროფესია? რისთვის მიხდიან ფულს, თუ სულ წაგებებზე, ათასგვარ ჭირსა თუ ნეგატივზე უნდა ვწერო?!

როდის იქნება, რომ 20 ქართველი ჟურნალისტი ახლდეს ჩვენს კლუბებსა თუ ნაკრებებს საერთაშორისო მატჩებზე? ის კი არა, თუ გრანდი არ ჩამოდის ან თბილისს მეგავარსკვლავი არ სტუმრობს, 20 ჟურნალისტის შეკრება აქაურ პრესკონფერენციაზეც ჭირს...

ამის შემდეგ ჩვენ გულზე მჯიღს ამაყად ვიცემთ და ვამბობთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. არა, მეგობრები, არავინაც აღარ ვართ და მანამ არაფერი გვეშველება, სანამ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენი ადგილი ზუსტად იქაა, სადაც ახლა ვართ და საქმის გამოსწორებას არ დავიწყებთ.

ძნელია საკუთარი შეცდომებისა და უძლურების აღიარება, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია მათ გარეშე პროგრესზე ფიქრი. ჩვენ მაინც ნუღარ ვიქნებით ისეთი ბაბუები, რომელთა ნაჭამი ტყემალი შვილიშვილს კბილებს მოჰკვეთს"...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016