Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.07.2016

 

 

 

 

 

 

 

 

მიღებული გამოწვევისა და ჩაბარებული გამოცდის ამბავი

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 5 და 7 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ზედიზედ ორ შეხვედრას უმასპინძლა - თავდაპირველად საჩხერის "ჩიხურამ" კიშინიოვის "ზიმბრუსთან" იასპარეზა, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" აზერბაიჯანული "გაბალა" მიიღო.

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ აქამდე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს ერთდღიანი შუალედით ევროპული საკლუბო ტურნირების ზედიზედ ორ მატჩისთვის არასდროს უმასპინძლია. ამდენად, მატჩის ორგანიზებაში ჩართული კლუბის თანამშრომელთათვის, სტადიონის ადმინისტრაციისა და მოედნის ხარისხზე მზრუნველი თანამშრომლებისათვის ამ მატჩების სათანადო დონეზე გამართვა ერთგვარი გამოწვევაც გახლდათ...

 

ხუმრობა ხომ არ არის - ორშაბათს ჩვენს სტადიონზე საჩხერელთა და კიშინიოველთა წინასამატჩო ვარჯიშები გაიმართა, სამშაბათს "ჩიხურა"-"ზიმბრუს" მატჩი, ოთხშაბათს "დავით აბაშიძეზე" უკვე გაბალელმა და სამტრედიელმა ფეხბურთელებმა ივარჯიშის, ხოლო ხუთშაბათს ამ გუნდების მატჩი შედგა...

 

ალბათ, ფეხბურთში სულ ოდნავ გარკვეული ადამიანისთვის არაა უცხო, რომ ყოველი ვარჯიშისა და თამაშის შემდეგ სათამაშო მინდორი მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, მას შემდეგი დატვირთვისთვის სათანადო მოწესრიგება, მომზადება, გაკრეჭა, დახაზვა და ა.შ. ესაჭიროება. აღარაფერს ვამბობთ გასახდელების, ტრიბუნებისა და სტადიონის შიდა თუ მიმდებარე ტერიტორიის წესრიგსა და სისუფთავეში ყოფნის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოებზე...

 

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით სტადიონზე ჩატარებულ ყველა ვარჯიშსა და "ჩიხურა"-"ზიმბრუს" მატჩს თან კოკისპირული წვიმა ახლდა. განსაკუთრებით მძიმე მეტეოროლოგიური სიტუაცია შეიქმნა საჩხერელთა მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე - კოკისპირული წვიმის გამო ქალაქ ზესტაფონის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქუჩა (იხილეთ ფოტომასალა) დაიტბორა, წყლის უდიდესი ნაკადის სრულად გამკლავება ჩვენი სტადიონის მშვენიერ ფორმაში მყოფ დრენაჟსაც კი გაუჭირდა და ამის გამო მატჩის დაწყება ნახევარი საათით გადაიდო...

 

შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად სტადიონის ადმინისტრაციამ მაქსიმუმი გააკეთა და 35 წუთის შემდეგ, როდესაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქის ქუჩებში კვლავაც ფორს-მაჟორული ვითარება გახლდათ შექმნილი, "დავით აბაშიძის" მწვანე მინდორზე უეფას საკლუბო ტურნირის შეხვედრა მაინც დაიწყო...

 

პირველი მატჩის ასეთ ვითარებაში ჩატარების შემდეგ, მინდორი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, მეორე დღესვე "ფორმაში" უნდა ყოფილიყო - ჯერი სამტრედიელთა და გაბალელთა წინასამატჩო ვარჯიშებზე მიდგა. სტადიონის პერსონალმა აქაც გმირულად იშრომა და იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდის ვარჯიშს ისევ ძლიერი წვიმა დაემთხვა, მატჩის დღეს მინდორზე გასულ მსაჯებს, ფეხბურთელებს, სტადიონის ტრიბენებსა თუ ტელეეკრანებთან მყოფ გულშემატკივრებს სათამაშო მინდორი უნაკლო მდგომარეობაში დახვდა...

 

ჩვენის მხრივ კი, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც "დავით აბაშიძეზე" ევროპის ლიგის გათამაშების მატჩების სათანადო დონეზე ჩატარებაში წვლილი მიუძღვის და აქვე ამ მატჩების მიმდინარეობისას გადაღებულ რამდენიმე საინტერესო ფოტოს გთავაზობთ ...

 

 

გამოყენებულია 2 ფოტო საიტიდან www.gabalafc.az

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016