03.07.2016
"დავით აბაშიძე" სრულ მზადყოფნაშია!
როგორც მოგეხსენებათ, შემდეგ კვირაში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება - საჩხერის "ჩიხურა" და საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" შესაბამისად მოლდოვურ "ზიმბრუსა" და აზერბაიჯანულ "გაბალას"უმასპინძლებენ.
უნდა ითქვას, რომ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის დირექციის, მინდვრის მოვლაზე პასუხისმგებელი და ტექნიკური პერსონალის დაუღალავი შრომის დამსახურებით, ჩვენი ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენა უკვე მზადაა ესოდენ საპასუხისმგებლო მატჩების სამასპინძლოდ.
აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ დღემდე "დავით აბაშიძეს" ერთდღიანი შუალედით არასდროს უმასპინძლია ევროპული საკლუბო ტურნირების ზედიზედ ორ მატჩისთვის. ამდენად, სტადიონის ადმინისტრაციისა და მოედნების ხარისხზე მზრუნველი თანამშრომლებისათვის მოახლოებული მატჩების სათანადო დონეზე გამართვა ერთგვარ გამოწვევადაც იქცა...
აქვე გეტყვით, რომ საჩხერის "ჩიხურასა" და კიშინიოვის "ზიმბრუს" მატჩი სამშაბათს, 5 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "სამტრედიასა" და აზერბაიჯანულ "გაბალას" შორის 7 ივლისს გასამართ დაპირისპირებას, ის თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი...
თავის მხრივ, ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...
|