დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ზუსტად ექვსი წლის წინ გამართულ ერთ მატჩზე მოგითხრობთ -2010 წლის 15 ივნისს ავსტრიულ საწვრთნელ შეკრებაზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსული ფეხბურთის გრანდს, ევროპალიგის 2008 წლის გათამაშების გამარჯვებულს, სანქტ-პეტერბურგის ”ზენიტს” დაუპირისპირდა.
გთავაზობთ ჩვენი საიტის ზუსტად 6 წლის წინანდელ პუბლიკაციას, რომელიც ამ ძალიან საინტერესო მატჩის პერიპეტიებს მოკლედ მიმოიხილავს: "შეხვედრა ქალაქ მიტერსილის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 18:15 (თბილისის დროით - 20:15) საათზე დაიწყო. სანქტ-პეტერბურგელები იმერლებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, რად ღირს მხოლოდ ის გარემოება, რომ მოედანზე რუსული გუნდის შემადგენლობაში 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი ოთხი ფეხბურთელი გამოვიდა.
პირველი ტაიმის საწყისი წუთები რუსთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და რომ არა როინ კვასხვაძის საიმედო თამაში, ალბათ ანგარიშის გახსნასაც მოახერხებდნენ. 20-ე წუთის შემდეგ კი ქართველებმა თამაში გაათანაბრეს და უკვე თავად შეუტიეს იური ჟევნოვის კარს - 25-ე წუთზე აშკარა საგოლე შესაძლებლობა მიეცა ჯაბა დვალს, თუმცა ახლო მანძილიდან თავით მისი დარტყმული სულ ოდნავ ასცდა პიტერელთა კარს.
ორიოდე წუთში ჯაბა უკვე შორიდან დაემუქრა ჟევნოვის კარს, მაგრამ ეს დარტყმაც ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. 31-ე წუთზე ალექს ბენაშვილის კარისკენ უძლიერესად "გასროლილი" "ზენიტის" კარის ძელმა მოიგერია, თანაც ამ ეპიზოდში ბურთი რომ კარში წასულიყო, რუსული გუნდის გოლკიპერს თავის კარის გადარჩენის "იოტისოდენი" შანსი არ ექნებოდა ... ტაიმის დასკვნითი წუთები ისევ რუსეთის ჩემპიონატის ლიდერთა აქტიურობით იყო დასამახსოვრებელი, მაგრამ როინ კვასხვაძე დღეს შეუდარებელი იყო.
მეორე ტაიმის დებიუტი უკვე ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა, ქართველები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და ხიფათსაც უფრო ჰქმნიდნენ ოპონენტთა კართან.საინტერესო გარემოებათა რიცხვს მიეკითვნება ის, რომ "ზენიტის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ექს-გაგრელმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
მოედანზე არსებული სიტუაცია არც მაშინ შეიცვალა, როდესაც მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ როინ კვასხვაძეს შეხვედრის მეორე ნახევარშიც მოუწია თამაშში ჩართვა, განსაკუთრებით გამოსარჩევი ის ეპიზოდი გახლდათ, როდესაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიპერმა თავით ორი მეტრიდან უძლიერესად დარტყმული კარის ხაზიდან მოიგერია.
მატჩის დასკვნითი ნაწილი კი "ცალკარას" დაემსგავსა - ალექს ბენაშვილის ხარიხა, მისივე უძლიერესი დარტყმა, რომელიც ხარიხას სანტიმეტრებით ასცდა, გოგი ფიფიას მომენტი, როდესაც ვეღარც იური ჟევნოვი შველიდა თავის გუნდს, მაგრამ პეტერბურგელთათვის თითქოს უიმედო სიტუაციაში გუნდს მშველელად მცველი სებასტიანპიუიგრენიე მოევლინა, რომელმაც ბურთი კარის დაუცველი კუთხიდან მოიგერია და ბოლოს გიორგი ონიანის თავური, რომლის დაუფლება "ჩრდილო პალმირის" გუნდის გოლკიპერმა შეძლო, ფრე 0-0.