24.05.2016
"ლელოს" პუბლიკაცია
ილია კოკაია დუმილს არღვევს: "მზად ვარ, "ზესტაფონი" დავაფინანსო"
საქართველოს XXVII ჩემპიონატი დასრულებულია. ჯერაც გაურკვეველია, რა ბედი ელის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს". საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ვერ ასცდება, მანამდე კი "ლელო" უცხოეთში მყოფ ილია კოკაიას დაუკავშირდა.
ვრცელი ინტერვიუ მომავლისთვის გადავდოთ, ახლა კი "ზესტაფონის" მფლობელის მიერ მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებული კომენტარით დავკმაყოფილდეთ:
"მგონი, შეხსენება არ სჭირდება საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში არსებულ უსამართლობას ღიად ვებრძოდით...
ჩვენ ვაპროტესტებდით ორ ძირითად მომენტს - პირველი იყო სახელმწიფოს მხრიდან კლუბების არათანაბარი დაფინანსების მანკიერი სისტემა. საბედნიეროდ, დღეს ამ მიმართულებით ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ...
მეორე - ეს იყო ყოველგვარი სპორტული პრინციპის იგნორირებით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ნაბიჯები, რომლებიც გულისხმობდა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას. როგორც იცით, თავის დროზე სწორედ ეს უგუნური გადაწყვეტილება გახდა ჩვენს კლუბში ინვესტიციების მკვეთრი შემცირების მიზეზი.
სასიხარულოა, რომ დღეს ვითარება ამ მიმართულებითაც იცვლება...
რჩება მხოლოდ ერთი - ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტი. ვერდიქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები.
იქნებ შარშან ჩვენს კლუბს სულაც სამართლიანად მოექცნენ და ჩვენ არაფერი გვაქვს სადავო? ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაირკვეს ჭეშმარიტება? ხომ შეიძლება, სავსებით ლოგიკური და კანონიერი იყო მაშინდელი ვერდიქტი?!
ჩემი მხრიდან, შემიძლია გითხრათ, რომ თუ ფეხბურთის ფედერაციის მაღალი ინსტანციების მიერ ის გადაწყვეტილებები უსამართლოდ იქნება მიჩნეული, მზად ვარ, გავაგრძელო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაფინანსება", - გვითხრა ილია კოკაიამ.
|
|