13.05.2016
"ლელოს" პუბლიკაცია
ზესტაფონელთა მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
|
|
რა ხანია, "ზესტაფონის" თაობაზე არაფერი დაგვიწერია. სამწუხარო რეალობაა - დღეს საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რა ხდება ზესტაფონში? ამ კითხვებით მივმართეთ კლუბის პრესსამსახურის უფროს სერგო ფუტკარაძეს. პოზიცია დააფიქსირეს იმერული კლუბის გულშემატკივრებმაც...
სერგო ფუტკარაძე:
- დავიწყებ შორიდან. როგორც კლუბმა, ისე გულშემატკივარმა, შარშან შემოდგომაზე საფეხბურთო ოჯახში ჩატარებული არჩევნების წინ და არჩევნების პროცესშიც მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს. საფეხბურთო ოჯახში გამეფებულმა განუკითხაობამ დაგვანახვა სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობა და ეს მოლოდინი ასოცირებული იყო ლევან კობიაშვილის გუნდთან...
მოხდა ისე, რომ ჩვენ სწორედ საარჩევნო პროცესისა და მთელი რიგი, მანამდე განვითარებული მოვლენების მსხვერპლნი გავხდით - საფეხბურთო კლუბი, რომელიც სპორტული პრინციპის დარღვევასა და უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაფართოებას აპროტესტებდა. ჩვენ თანაბარი დაფინანსების პრინციპის დანერგვისკენ მოვუწოდებდით სახელმწიფოს და ყოველთვის ფეხბურთის სისუფთავის სადარაჯოზე ვიდექით. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რასაც ჩვენი ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვა ჰქვია...
ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შექმნილი ვითარების შესახებ სფფ-ის ძველ ხელმძღვანელობას. ვთხოვეთ მათ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი მოქმედებების გატარება. ჩვენდა გასაკვირად, გარდა იმისა, რომ სფფ-ის გენმდივანმა შექმნილი ვითარების შესახებ ფედერაციის პრეზიდენტი საქმის კურსში არ ჩააყენა, მეორე დღესვე მოწვეულ იქნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება "ზესტაფონის" ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ. რამდენიმე დღეში ეს გადაწყვეტილება აღმასკომმაც დაადასტურა...
ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა წინაასაარჩევნო პერიოდში პრინციპული და სახიფათო ოპონენტის მოშორება და მისთვის ხმის ჩამორთმევის დაკანონება. ეს ადამიანები თავიანთი პირადი მერკანტილური ინტერესების მიღწევის გზაზე არ შეაშინა საქართველოში სიდიდით მეხუთე მუნიციპალიტეტის უფეხბურთოდ დატოვებამაც კი...
შეგახსენებთ ვითარებას: ადგილი ჰქონდა ჩვენი ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობას. მან გამოიჩინა პროფესიონალიზმი და დიდი პასუხისმგებლობა - შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა კლუბის ხელმძღვანელობას...
არადა, სულ რამდენიმე თვის წინ უკვე ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, მაშინ, როცა "ლიახვის" ფეხბურთელი "ზესტაფონის" ფეხბურთელის მსგავსად მოიქცა და ბინძური გზით სიარულზე უარი განაცხადა, "ლიახვი" არავის მოუხსნია ჩემპიონატიდან. მეტიც - მატჩის გადადების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა...
უნდა ვივარაუდოთ - "ზესტაფონი" იმ თამაშზე რომ გასულიყო, ფედერაციის იმჟამინდელი თავკაცები მაინც მოხსნიდნენ გათამაშებიდან გუნდს და ამას გააკეთებდნენ გარიგებულ თამაშში მონაწილეობის ბრალდებით...
აქედან გამომდინარე, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ "ზესტაფონმა" არჩევნებში მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს და მის გუნდს - იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში მაშინ გამეფებულ სიბინძურეს ღიად დაუპირისპირდნენ...
|
ამ ადამიანებმა პირდაპირ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ ჩვენს გუნდს უსამართლოდ მოექცნენ, ლიგიდან უკანონოდ მოკვეთეს და რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა "ზესტაფონთან" მიმართებაში სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. რა გასაკვირია, რომ დღესაც დარწმუნებულები ვართ - სამართალი იზეიმებს და ამ ადამიანებმა პირდაპირ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ ჩვენს გუნდს უსამართლოდ მოექცნენ, ლიგიდან უკანონოდ მოკვეთეს და რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა "ზესტაფონთან" მიმართებაში სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. რა გასაკვირია, რომ დღესაც დარწმუნებულები ვართ - სამართალი იზეიმებს და მათივე დაპირებისამებრ, შეასრულებენ პირობას "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენის თაობაზე.
- რა სტადიაზეა ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა?
- ურთიერთობა გვაქვს და თან - კონსტრუქციული. ჩვენი კლუბის ინსტრასტრუქტურა უმაღლეს მოთხოვნებს რომ შეესაბამება, ეს ფეხბურთის ფედერაციაშიც კარგად იციან. ჩვენი სტადიონი და ბაზა ფედერაციის განკარგულებაშია. თბილისის ბაზაზე ეროვნული ნაკრები მოემზადა. მეტიც, ჩემპიონატი ჩაშლის საფრთხის წინაშე რომ აღმოჩნდა, სწორედ სტადიონმა შეასრულა ის ფუნქცია, რომ პირველობა არ ჩაშლილიყო. ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ზესტაფონში ითამაშა.
- უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" დაბრუნების ოპონენტები ხშირად სპორტულ პრინციპზე ლაპარაკობენ...
- სპორტული პრინციპის უზენაესობა არის ის ფასეულობა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვცემთ. 2014 წელს ვეწინააღმდეგებოდით უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდას. სწორედ ამის შემდეგ კლუბის ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების მკვეთრად შემცირების თაობაზე. ჩვენი დღევანდელი ოპონენტები მაშინ სპორტული პრინციპის დარღვევას სიხარულით ხვდებოდნენ...
მთავარი, რაც გვინდა, არის ჩვენი სიმართლის დამტკიცება. კერძოდ კი, პირველ რიგში, რამდენად მართებული და კანონიერი იყო გადაწყვეტილება - უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთა. რამდენიმეთვიანი მოლოდინის მიუხედავად, ჯერაც არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.
* * *
ლაშა კიკნაველიძე ("ზესტაფონის" გულშემატკივარი):
"ლევან კობიაშვილი იყო ჩამოსული ზესტაფონში 24 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და ის დაგვპირდა, რომ "ზესტაფონი" დაუბრუნდებოდა ქართულ საფეხბურთო ოჯახს და თქვა, რომ ჩვენი კლუბი გახდა უსამართლობის მსხვერპლი.
ამის შემდეგ სწორედ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ფანკლუბი, რომელმაც მოურიდებლად დააფიქსირა პოზიცია, უშუალოდ 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობასაც კი პირადად აღუდგა წინ".
კოტე ბოჭორიშვილი ("ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი):
"დღეს რასაც ვხედავთ, ეს იწვევს ჩვენში იმედგაცრუებას. წლევანდელ ჩემპიონატში ვხედავთ უამრავ ისეთ პერსონაჟს, რომელიც ამ ცვლილებებს გამძაფრებით ეწინააღმდეგებოდა და რომელთა ხელით ქართულ ფეხბურთში უამრავი სიბინძურე ხდებოდა. ეს ადამიანები საჯარო გამოსვლებში იწონებენ სახელმწიფო პროგრამას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც, საბედნიეროდ, იდგმება სახელმწიფოს მხრიდან.
არადა, ის გუნდი და ქომაგიც, ვინც ამ ცვლილებებისთვის რეალურად იბრძოდა, ქართულ ფეხბურთსაა ჩამოშორებული.
|
გვინდა ვკითხოთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს - ნუთუ ზესტაფონელი ქომაგი არ იყო იმის ღირსი, რომ ელემენტარულად მომხდარიყო ჩვენი კლუბის, ქალაქისა და ქომაგის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას იმ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა?
ბოლო პერიოდში, ფედერაციაში დასაქმებულ პირთა ერთი ნაწილისგან, რომელთა დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ, კერძო საუბრებში გვესმის საგანგაშო სიგნალი - თითქოსდა, "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება რთული საქმეა, სპორტული პრინციპი არ უნდა დაირღვესო.
ამ ბატონების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ შემდეგი: "ზესტაფონი" ჩემპიონატისთვის არც გაეროს, არც ნატოს და არც პროკურატურას ჩამოუშორებია. მაშინდელი სამარცხვინო გადაწყვეტილებები სწორედ იმ ფედერაციის სტრუქტურებმა მიიღეს, რომელსაც დღესდღეობით სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი ხელმძღვანელობენ...
დასკვნა სულ მარტივია: თუ "ზესტაფონის" მოსახსნელად საკმარისი იყო აღმასკომის მოწვევა, საინტერესოა, რატომაა საჭირო ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად შსს-ს ან პროკურატურის ძალისხმევა, ან გაეროს ასამბლეის მოწვევა?
უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში "ზესტაფონის" გულშემატკივრები ვცდილობდით, მაქსიმალურად კორექტულები ვყოფილიყავით. ვცდილობდით, ჩვენი თემით ზედმეტი დისკომფორტი არ შეგვექმნა ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის... ალბათ, ლევან კობიაშვილიც გაიკვირვებდა, რომ ბოლო დროს მისთვის არ უკითხავთ "ზესტაფონის" თაობაზე. თუმცა დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ძალიან გვიყვარს და შექმნილ ვითარებას ძალიან განვიცდით, დღემდე მოუგვარებელ პრობლემებს გაგახსენებთ...
ბოლო პერიოდში ათასი ჭორი გავრცელდა, თითქოს, "ზესტაფონი" ვიღაცის ადგილს შეიძენს ან ვიღაცის ნაცვლად იასპარეზებს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეესაბამება ეს ხმები სიმართლეს.
ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს და პასუხისთვის ფეხბურთის ფედერაციას მივმართავთ...
1. ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობის შეფასებით, რამდენად სამართლიანი იყო "ზესტაფონის" მოკვეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან?
2. თუ ეს ქმედება ისევ ისე შეფასდა, როგორც ეს ლევან კობიაშვილმა ზესტაფონში ვიზიტისას გააკეთა (ანუ - უსამართლოდ), აღმასკომის წინაშე დაყენებულ იქნას იმ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი.
3. მხოლოდ ამის შემდეგ განახლდეს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რომელ ლიგაში უნდა იასპარეზოს "ზესტაფონმა".
|