19.04.2016
თბილისის ზღვასთან მდებარე ზესტაფონელთა ბაზის ამბები
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე სადღეისოდ უკვე ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი...
საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-ს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-ს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოში ამზადებს.
ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, დედაქალაქში გამართული ჯერ 19-წლამდელთა, შემდეგ კი 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილეები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ. 22-28 მარტს კი იმერელთა საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე ყაზახეთის ნაკრებთან მატჩისწინა შეკრება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიარა...
დღესდღეობით ბაზაზე შენდება მცირე ზომის ტრიბუნები და ადმინისტრაციული შენობა, სადაც გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა ოთახი და სხვა საჭირო სათავსოებიც განთავსდება... იქვე იფუნქციონირებს კაფე, რომლითაც მაყურებლებსა და ბაზის სტუმრებს შეეძლებათ სარგებლობა... რა გასაკვირია, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან.
აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე სადღეისოდ არსებულ მდგომარეობაზე მოგვითხრობს...
|