04.04.2016
მორიგი ფოტორეპორტაჟი ზესტაფონის ბაზიდან
როგორც იცით, გასული წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები კი შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის გაზონების საქართველოში დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...
ჩვენი ვებგვერდი უკვე წერდა იმის შესახებ, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა გასული წლის ნოემბერში ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახი დათესეს...
დათესვის შემდეგ ორივე მოედანი, ისევე როგორც ბაზაზე არსებული მესამე მინდორი, ბაზის პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიღწეული საიჯარო შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი კომპლექსის მესამე მინდორზე დღესდღეობით თერჯოლის "საპოვნელას" ფეხბურთელები ვარჯიშობენ, ხოლო ახლადდათესილ მოედნებზე სავარჯიშო პროცესის წარმოება სულ რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი ...
ზაფხულიდან ჩვენი კლუბის განკარგულებაში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონისა და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე მარგველთა ბაზაზე არსებული 2 მოედნის ჩათვლით) უკვე 6 სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედანი იქნება!
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი მარგველთა ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის სამივე მოედანზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...
|