გუშინ, 28 მარტს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა, რომელსაც დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონმა უმასპინძლა, ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ფრედ, 3:3 დასრულდა.
ზესტაფონის მთავარ საფეხბურთო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა შეცდომებით დახუნძლული და, ამავე დროს, უაღრესად საინტერესო და სანახაობრივი თამაში იხილა. უნდა ითქვას, რომ უმძიმესი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ საინტერესო დაპირისპირებას 3 000 მეტი ქომაგი დაესწრო ...
მატჩს, პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მეთაურობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირთა დელეგაცია ესწრებოდა. მასპინძელი მხარისათვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი გახლდათ ის საქებარი სიტყვები, რომლითაც ფედერაციის პირველმა პირმა (ისევე, როგორც მანამდე ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებმა) ჯერ "დავით აბაშიძის" მწვანე საფარის მდგომარეობა, მატჩის მიწურულს კი კოკისპირული წვიმის პირობებში გამოცდის "ფრიადზე" ჩამბარებელი სტადიონის სადრენაჟო სისტემის კონდიციები შეაფასა...
* * *
მაშინ, როდესაც ქართველი ახალგაზრდები "დავით აბაშიძეზე" უკრაინელებთან მატჩს ატარებდნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდორზე ვარჯიშობდა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 29 მარტს, ქვეყნის მთავარი გუნდი ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ წლის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. გუშინ კი ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართა.
* * *
ბოლოს კი გთავაზობთ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიერ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ფრაგმენტები და ეროვნული ნაკრების მიერ "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე გამართული ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული.
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ვიდეო- და ფოტომასალა