22.03.2016
გია გეგუჩაძე: "დავით აბაშიძის" ტრიბუნების მხარდაჭერა დიდი ძალაა!
მიმდინარე წლის 21 მარტს სპორტულ ინტერნეტპორტალ "Sportall.ge"-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან, რომელშიც რესპონდენტი ამ სპორტული გამოცემის რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს.
ჩვენ კი გთავაზობთ ზემოთხსენებული ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც გია გეგუჩაძე დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უკრაინელი ახალგაზრდების წინააღმდეგ 28 მარტს გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს:
"- როგორი შეგრძნება იქნება ზესტაფონში დაბრუნება უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტატუსით? თქვენ ამ ქალაქს უამრავი საფეხბურთო ზეიმი აჩუქეთ...
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ გვიწევს თამაში. გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია ნაკრების იქ თამაში და იმედი მაქვს, ქართულ საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონი თავის სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის. კარგი მინდორი, კარგი გარემო, კარგი გულშემატკივარი - მეტი რა არის საჭირო?!
თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ზესტაფონის" მწვრთნელი ვიყავი, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზესტაფონში. ოთარ გაბელია იყო მაშინ მთავარი მწვრთნელი და მეტოქე 4:0 დავამარცხეთ. თურქეთის ნაკრები ძლიერი იყო, მაგრამ ტრიბუნების მხარდაჭერით მოხდა ასეთი ანგარიშით გამარჯვება. ეს დიდი ძალაა!" ...
|