20.03.2016
"დავით აბაშიძეზე" მიმდინარე სამუშაოების შესახებ
როგორც იცით, გასული წლის ნოემბერში მოსული ძლიერი წვიმებისას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ყოველივე ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სტადიონის პერიმეტრთან არსებული არხი მდინარე ნასარულას წყლის მოჭარბებულ ნაკადს ვეღარ უმკლავდებოდა.
წლების მანძილზე მოუწესრიგებელ არხს ჭარბი ნალექისას წყლის გატარება უჭირდა, რაც ავტოსადგურის ტერიტორიის, საავტომობილო გვირაბის და სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვას იწვევდა... რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ზემოთნახსენებ არხში მოქცეული მდინარე ნასარულას დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე არსებულ მონაკვეთს გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა...
დღესდღეობით კი, ზესტაფონის მუნიციპალიტიეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღრაძის დახმარებითა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ადგილობრივი სერვისცენტრის ძალებით, მიმდინარეობს სტადიონის ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელთა დასრულებაც ორშაბათისთვისაა დაგეგმილი...
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის საფეხბურთო არენა მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები გუნდების ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს.
|