10.03.2016
სფფ-ს სპეციალისტთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტი ზესტაფონში
გუშინ და დღეს ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლდათ.
როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 13 თებერვალს ზემო იმერეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების კომისია (ხელმძღვანელი - მამუკა კვარაცხელია), რომელმაც ზესტაფონელთა საფეხბურთო ბაზისა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მონახულებისა და ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ, ჩვენი კლუბის საფეხბურთო მეურნეობა სანიმუშოდ მიიჩნია.
სწორედ ერთი თვის წინანდელი ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 28 მარტს დანიშნული ამხანაგური შეხვედრის ჩვენი ქალაქის მთავარ არენაზე გამართვის შესახებ.
ახალგაზრდული ნაკრების მატჩისათვის მზადების ფარგლებში, 9 და 10 მარტს სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფის (ხელმძღვანელი - ალექსანდრე თორია) მიერ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზასა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს ჩაუტარდა ამ პერიოდისათვის აუცილებელი სამუშაოები (ნიადაგის აერაცია, მოედნის სკარიფიკაცია, ქვიშის შეტანა და ა.შ.).
ჩვენ კი ამ სამუშაოების მიმდინარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...
|