Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.02.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": ”თრილერი” კიეველებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ზუსტად ხუთი წლის წინ გამართულ ერთ მატჩზე მოგითხრობთ -2011 წლის 5 თებერვალს მარბელიას თასის გათამაშების შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საბჭოთა, უკრაინული და ევროპული ფეხბურთის გრანდს, კიევის ”დინამოს” დაუპირისპირდა.

 

გთავაზობთ ჩვენი საიტის ზუსტად 5 წლის წინანდელ პუბლიკაციას, რომელიც ამ ძალიან საინტერესო მატჩის პერიპეტიებს მოკლედ მიმოიხილავს: "დღევანდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონი და 9-9-გზის თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის სუპერთასის 3-ჯერ და უკრაინის სუპერთასის 4-ჯერ მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის 2-ჯერ და ევროპის სუპერთასის მფლობელი, კიევის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” გახლდათ.

 

შეხვედრა, რომელიც ქალაქ მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა თბილისის დროით - 21:00 საათზე დაიწყო. უკრაინული გუნდი, რომელიც უეფას ევროპის ლიგაზე თურქულ ”ბეშიქთაშთან” 17 თებერვალს გასამართი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრისათვის ემზადება, ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. მატჩის პირველიდან უკანასკნელ წუთამდე მოედანზე გახლდათ უკრაინული ფეხბურთის უკანასკნელი წლების მთავარი ვარსკლავი ანდრიი შევჩენკო.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა. ბევრს აქტიურობდა კიეველთა თავდამსხმელთა ”ტრიო” - ანდრიი შევჩენკო, ანდრიი იარმოლენკო და არტიომ მილევსკი. სწორედ ამ ორმა უკანასკნელმა მატჩის 15-ე და 39-ე წუთებზე შეძლეს როინ კვასხვაძის კარის ორჯერ აღება.

 

კიეველთა კარის აღების შანსი ზესტაფონელებსაც მიეცათ - კახა ალადაშვილის მიერ ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა ოდნავ ასცდა ოლექსანდრ შოვკოვსკის კარს...

 

მეორე ტაიმში ქართველებმა თამაშის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ, რომელიც 68-ე წუთზე ზესტაფონელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილის მიერ გატანილ პირველ საპასუხო გოლში აისახა.

 

უკრაინელებმა კი მეორე ტაიმში თამაში თავიდანვე კონტრიერიშებზე ააგეს. გოლის გატანისა და მატჩის ბედის სლავთა სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვეტის კარგი შანსები მიეცათ გილიერმეს, არტიომ კრავეცს და ანდრიი შევჩენკოს, მაგრამ ხან უკრაინელები სცოდავდნენ შეტევის დაგვირგვინების ფაზაში, ხანაც ქართველთა მცველები და გოლკიპერი მოქმედებდნენ თავგანწირვით.

 

ბოლოს, ზესტაფონელთა აქტიურობამ მაინც გამოიღო შედეგი - 79-ე ქართველთა კიდევ ერთი გააზრებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით რატი წინამძღვრიშვილმა დაასრულა - შედეგად მატჩის ძირითდი დრო ფრედ 2-2 დასრულდა.

 

გამარჯვებულის ვინაობა 11-მეტრიანების მატჩისშემდგომმა სერიამ გამოავლინა - საფეხბურთო ”ლატარეაში” კი იღბალმა უკრაინელებს გაუღიმა (4-5). პენალტები გატანა მოახერხეს: გრიგალაშვილმა, ელიავამ, გორგიაშვილმა, დაუშვილმა; გილიერმემ, კრავეცმა, ჰარმაშმა, ერემენკომ, ბეტაომ. ვერ გამოიყენეს: ონიანმა, ფიფიამ და სილვამ.

 

 

05.02.2011 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (კიევი, უკრაინა) 2-2 (4-5 პენალტების სერიაში)

”ზესტაფონი”: კვასხვაძე, ალადაშვილი (ბენაშვილი, 80), გრუიცა (კობახიძე, 53), ონიანი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (გრიგალაშვილი, 39), აფციაური (ფიფია, 80), ბაბუნაშვილი (გორგიაშვილი, 53), დვალი (ლომია, 80), წინამძღვრიშვილი.

”დინამო”: შოვკოვსკი (კოვალი, 46), სილვა, მიხალიკი, იუსუფი, ალმეიდა (ბეტაო, 60), ჰუსევი (გილიერმე, 61), ვუკოიევიჩი, შევჩენკო, ერემენკო, იარმოლენკო (ჰარმაში, 80), მილევსკი (კრავეცი, 61).

 

ჩვენ კი კიეველთა პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ამ შეხვედრის საინტერესო მომენტების ვიდეოკოლაჟსა და რამდენიმე ფოტოსურათს გთავაზობთ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016