Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.01.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ლაურეატთა საზეიმო დაჯილდოება "GFF AWARDS 2015"

 

 

 

 

 

 

 

 

2016 წლის 29 იანვარს ქალაქ თბილისის საკრებულოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2015 წლის შემაჯამებელი ღონისძიება - ყოველწლიური დაჯილდოება "GFF AWARDS" გამართა. სხვა ქართული კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ცერემონიალს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ბატონი კორნელი კოკაია ესწრებოდა.

 

როგორც ცნობილია, ფედერაციამ გამოკითხვა სპეციალური ანკეტების მეშვეობით ჩაატარა - საუკეთესოები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს. შედეგად, ფეხბურთის ფედერაციამ წლის რჩეულები 6 ნომინაციაში დაასახელა:

ხმათა უმრავლესობით საქართველოს საუკეთესო მსაჯად ფიფას კატეგორიის მსაჯი გიორგი ვადაჭკორია დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი თბილისის „დინამოს“ ყოფილ მწვრთნელს და ამჟამად უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, გია გეგუჩაძეს ერგო. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გულნარა გაბელია გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საფეხბურთო სამყარომ თბილისის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი აირჩია. მისივე თანაგუნდელი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი კი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას,
სპეციალური ჯილდო  ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მიიღო...

 

* * *

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე შედგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონი ლევან კობიაშვილისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორის, ბატონი კორნელი კოკაიას შეხვედრა, რომელზეც ჩვენი კლუბისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის წინაშე სადღეისოდ არსებული პრობლემები იქნა განხილული...

 

ამასთან, ქართული საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელმა თავადვე გამოთქვა უახლოეს მომავალში ზესტაფონში სტუმრობისა და ჩვენი კლუბის გულშემატკივრებთან შეხვედრის სურვილი... ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი, მხარეთა მიერ ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, ინფორმაციას ამ ვიზიტის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს დამატებით აცნობებს...

 

 

მეორე და მეოთხე ფოტოებზე: საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ბატონი კორნელი კოკაია თბილისის "დინამოს" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილთან ერთად.

გამოყენებულია სფფ-ს პრეს-სამსახურის პუბლიკაცია და ოფიციალური fb-გვერდის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016