Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.01.2016

 

 

 

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ზესტაფონის საფეხბურთო კომპლექსიდან

 

 

 

 

 

 

 

 

გასული წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ...

 

ჩვენ აქამდეც ვწერდით იმის შესახებ, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახი დათესეს, რის შედეგადაც გაზაფხულიდან ჩვენი კლუბის განკარგულებაში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონისა და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე მარგველთა ბაზაზე არსებული 2 მოედნის ჩათვლით) უკვე 6 სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედანი იქნება.

 

ფეხბურთის სათამაშოდ განკუთვნილი, ბალახის საფარით დაფარული და ევროსტანდარტების შესაბამისი მოედნების რაოდენობით საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქვეყანაში ერთპიროვნული და უპირობო ლიდერია - ზესტაფონელთა განკარგულებაში ზუსტად იმდენივე ასეთი მოედანია, რამდენიც ერთად აღებულ ყველა დანარჩენ უმაღლესი, პირველი და რეგიონალური ლიგების წარმომადგენელ ქართული კლუბს. საინტერესოა, რომ ამდენი საფეხბურთო მოედანი სადღეისოდ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განკარგულებაში გახლავთ...

 

დათესვის შემდეგ ორივე მოედანი (ისევე, როგორც ბაბზაზე არსებული მესამე მინდორიც) ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური მოვლა-დაკვირვების რეჟიმშია და დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექისა და სიცივის მიუხედავად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

 

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის სამივე მოედანზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016