26.12.2015
"ჩიბოს" თასი და თანადგომა "ზესტაფონს"
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა ფეხბურთის მოყვარულთა შორის უკვე ტრადიციულად ქცეულ თასის გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლიდან ქუთაისის "ტორპედოს" ტრაგიკულად დაღუპული თანამშრომლის აკაკი ჩიბურდანიძის სახელს ატარებს. ღონისძიება ქუთაისელ ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" მიერ გახლდათ ორგანიზებული...
მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ერთმანეთს აკაკი ჩიბურდანიძის მეგობრების, სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი ფან-კლუბებისა და არბიტრთა გუნდები შეერკინენ - ქუთაისის (4 გუნდი), თბილისის, ბათუმის და ტყიბულის ქომაგთა გუნდებთან ერთად, "ჩიბო-2015"-ს გათამაშებაში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენელმა გუნდმა "ზესტაფანებმაც" მიიღო.
მშვენივრად ორგანიზებული ტურნირის დაწყებამდე, ზესტაფონელებმა საგანგებოდ დამზადებული ბანერის მეშვეობით საყვარელი გუნდის გადარჩენის მოთხოვნა კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს. სასიამოვნოა, რომ მარგველთა ამ მოწოდებას მხარი "ჩიბო-2015"-ის ორგანიზატორებმა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა დაუჭირეს.
ჯგუფურ ეტაპზე "ზესტაფანებმა" თავი თითო-თითო გამარჯვებას, ფრესა და მარცხს მოუყარეს და ეს ერთდღიანი ტურნირი მეხუთე პოზიციაზე დაასრულეს. "ჩიბო-2015"-ის გამარჯვებულისათვის განკუთვნილი მთავარი პრიზი კი ბათუმელმა "პირატებმა" დაისაკუთრეს...
|