19.12.2015
ერთი გუნდისა და ფოტოს ისტორია
დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ერთი ფოტოს ისტორიას გიამბობთ. ეს ფოტოსურათი 1934 წელს ზესტაფონშია გადაღებული. მასზე გამოსახულია ჩვენი ქალაქის წარმომადგენელი ფეხბურთელთა გუნდი, რომელიც ადგილობრივი აგრომრეწველობის გაერთიანების დირექტორის, ბატონი ალექსანდრე ჟორჟოლაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა და მას "მერცხალი" ეწოდა.
საინტერესოა, რომ ეს საფეხბურთო კოლექტივი შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც ჯერაც არაა შექმნილი საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი ფეხბურთის ლიდერი, ფეროშენადნობთა ქარხნის წარმომადგენელი "მეტალურგი". როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი თავის ისტორიას ითვლის 1937 წლიდან, როდესაც "ფეროს" პროფკომიტეტის ინიციატივით გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ...
"მერცხალი" კი ამ ამბამდე სამი წლით ადრე დაარსდა და ადგილობრივ რკინიგზელთა კოლექტივ "ლოკომოტივთან" ერთად, შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში მონაწილეობა არაერთგზის მიუღია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფოტო გადაღებულია 1934 წელს. ისტორიული კადრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივრის, ბატონი ავთანდილ გოცაძემ ოჯახმა შემოგვინახა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურს კი სურათი ბატონი ალექსანდრე ჟორჟოლაძის შვილიშვილმა ლაშა საყვარელიძემ მიაწოდა...
|