Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.12.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

 

"ზესტაფონი" - აბა, ჩვენ რატომ დაგვსაჯეს?

 

 

 

 

 

 

 

 

უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველი ლიგის მე-16 ტურის მატჩი ხობში ადგილობრივ “კოლხეთსა“ და ცხინვალის “ლიახვს“ შორის ჩაიშალა. თამაშის გადადების გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო, რადგან მას გარიგების მაღალი რისკის შესახებ აცნობეს.


“ლელომ” ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შეიტყო: კობიაშვილი თბილისში უცხოეთიდან დაბრუნდა და ხობში გამგზავრება პირდაპირ აეროპორტში გადაწყვიტა. მიზეზი საგანგებო და გადაუდებელი სიგნალი აღმოჩნდა...

 

“ლელოსთან” საუბარში “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ საინტერესო ამბავი გაიხსენა: “დღეს ფედერაცია ლოგიკურად იქცევა. როდესაც გარიგებაზე ეჭვი ან ინფორმაცია არსებობს, მათ ზომები უნდა მიიღონ. ზუსტად ანალოგიური საფრთხის შესახებ ვაცნობეთ ჩვენ ძველ ფედერაციას, მაგრამ არაადექვატურად მოიქცნენ და მეორე დილითვე აღმასკომზე ჩემპიონატიდან... ჩვენ მოგვკვეთეს. შემდეგ კი საქმიანობა ილია კოკაიასაც აუკრძალეს. დრო რომ გავიდა, ყველაფერი კარგად გამოჩნდა - ჩვენ განსხვავებული პოზიციისა და გარიგებული თამაშების მხილების გამო დაგვსაჯეს”...

 

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 19 აპრილს “ზესტაფონი” გორის "დილას" წინააღმდეგ საშინაო შეხვედრის სათამაშოდ მოედანზე არ გავიდა. კლუბის პრეს-სამსახურის მაშინდელი ცნობით, ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ დაუდგენელმა პირებმა "ზესტაფონის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს. აქვე ვიტყვით, რომ "ზესტაფონს" უშუალოდ გორის "დილას" წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია...

 

იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, არსებული ფინანსური პრობლემების მოტივით, იმერულმა კლუბმა ფედერაციას მატჩის გადადების ოდიციალური თხოვნით მიმართა. პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჩააყენა, მას საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება სთხოვა.

 

მაგრამ შემდეგ მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა და "ზესტაფონის" მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფედერაციის იმჟამინდელმა აღმასკომმა თავად კლუბი დასაჯა და უმაღლესი ლიგიდან მოკვეთა. ანუ, სწორედ ისეთივე ინფორმაციის საფუძველზე, რის გამოც ლევან კობიაშვილმა ხობში მატჩი ჩაშალა, “ზესტაფონი” ფედერაციამ გათამაშებიდან მოხსნა. ამიტომ, ახალმა ფედერაციამ სამართლიანობა უნდა აღადგინოს და ფედერაციის ძველი აღმასკომის უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს!

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...

მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015