26.11.2015
მადლობა და წარმატებები მიშა ხუციშვილს!
|
მიხეილ ხუციშვილი (ფოტო საიტიდან www.reportiori.ge)
|
მიხეილ ხუციშვილი, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ჯერ სპორტული, შემდეგ კი გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, პროფესიულ საქმიანობას მისთვის მშობლიურ თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოში" გააგრძელებს...
გთავაზობთ მიხეილ ხუციშვილის სპეციალური მიმართვის ტექსტს, რომელიც მან საკუთარ facebook-გვერდზე გამოაქვეყნა: "გასული ოთხი წლისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს"! ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის...
მინდა ვახსენო კლუბის მფლობელი, ბატონი ილია კოკაია, რომელთან მუშაობაც ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაც გახლდათ! აუცილებლად მინდა მოვეფერო "ზესტაფონის" ყველა თანამშრომელს და გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი ოფიციალური ფან-კლუბის წევრებს, რომელთაგანაც გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი!
გემშვიდობებით იმ იმედით, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქართულ საფეხბურთო ოჯახში კუთვნილ ადგილს სულ მალე დაიბრუნებს... ყველას დიდი მადლობა!"
ჩვენ კი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და მისი გულშემატკივრის სახელით, გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მიხეილ ხუციშვილს ჩვენთან გატარებული წლების გამო და ახალ სამუშაო ადგილზე მას წარმატებები ვუსურვოთ!
|