22.11.2015
"ძველის" გადაწყვეტილება "ახალმა" არალეგიტიმურად სცნო
დავით მუჯირი: "ზესტაფონის" ფეხბურთში დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ
|
|
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული აღმასკომის პირველ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, წინა მოწვევის აღმასკომის მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესაფონის" მფლობელის, ბატონი ილია კოკაიას "ფეხბურთიდან მოკვეთის" შესახებ აბსურდულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს. სფფ-ს გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის განმარტებით, იურიდიულ სამსახურთან გავლილი კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ აღმასკომი არ იყო უფლებამოსილი ილია კოკაიასთვის ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა ვერც გააბათილებდა და ვერც დაადასტურებდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, კოკაიას ფეხბურთიდან "მოკვეთა" არალეგიტიმური გახლდათ.
”ილია კოკაიას საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ სამსახურთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ ცხადი გახდა ერთი რამ - აღმასრულებელი კომიტეტი არ იყო ის ორგანო, რომელსაც უნდა მიეღო კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთიდან მის მოკვეთას უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერც გავაბათილებდით და ვერც დავადასტურებდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანს მოვუწოდებთ, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და დავიცვათ ეთიკის ნორმები. მსგავსი შემთხვევების არსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებას მიიღებს სადისციპლინო კომიტეტი და მომავალში მხოლოდ ეს ორგანო განიხილავს ასეთ საკითხებს.
პირადად ჩემი აზრი ბატონ ილია კოკაიასთან დაკავშირებით ის გახლავთ, რომ ამ ადამიანს ამდენი წელია გაწეული აქვს დიდი მოცულობის ინვესტიციები, ის ქართულ ფეხბურთში ძალიან აქტიურად იყო ჩართული... საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონიც" არაა ჩემთვის უცხო, ამიტომ ვისურვებდი რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ადამიანისა და გუნდის დაბრუნება ფეხბურთში. ჩვენი მხრიდან კი ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ქალაქის დაბრუნებას ეროვნულ ჩემპიონატში", - აღნიშნა დავით მუჯირმა.
|