11.11.2015
19-წლამდელთა ტურნირის მონაწილეები "ზესტაფონის" ბაზაზე
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 12, 14 და 17 ნოემბერს საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს ბრძოლა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასაღწევად მოუწევს - საკვალიფიკაციო სტადიის ჯგუფურ ეტაპს, რომელშიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, მათი ავსტრიელი, უელსელი და ალბანელი თანატოლები მონაწილეობენ, თბილისი მასპინძლობს, მატჩები კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ძირითად და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებსაიტის მკითხველთათვის საინტერესო სიახლე კი ის გახლავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტურნირის მიმდინარეობისას (უფრო სწორედ, 10-დან 16 ოქტომბრამდე), სტუმართა გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზის მინდვრებზე ივარჯიშებენ.
უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი გუნდი, რომელმაც "ზესტაფონის" თბილისური ბაზა "დააჭაშნიკა", ავსტრიის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები გახლდათ - ალპელებმა იმერელთა სპორტული კომპლექსის მწვანე საფარზე გუშინ საღამოს ივარჯიშეს. ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ახალგაზრდა ავსტრიელების ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
|