დღეს ჩვენი საიტი ზემოიმერელთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 5 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ლვოვის "კარპატის” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
საინტერესოა, რომ 2010-2011 წლების ევროკომპანიის მიმდინარეობისას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", თუ არ ჩავთვლით ევროტურნირებში ყველაზე წარმატებულ ქართულ კლუბ - თბილისის "დინამოს", გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც ერთი გათამაშების მიმდინარეობისას ერთმანეთის მიყოლებით ორი ბარიერის გადალახვა მოახერხა. ნიშანდობლივია, რომ შემდგომ წლებში მარგველთა მიერ "გაკვალული გზის" გავლა და ასეთივე მიღწევის განმეორება რუსთავის "ოლიმპმა", გორის "დილამ" და საჩხერის "ჩიხურამაც" მოახერხეს...
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო პირველი და დღემდე უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქალაქის მთავარმა საფეხბურთო არენამ ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს უმასპინძლა. მეტიც, საქართველოში ამ დონის (საუბარია საწყისი ეტაპიდან მე-3 მეტოქემდე მიღწევაზე) საევროტურნირო შეხვედრა თბილისს გარეთ არასდროს ჩატარებულა. სპეციალურად ამ მატჩისთვის ზესტაფონში გამოჩნდნენ უეფას ახალი ინსტრუქციებით ტრენინგგავლილი სტიუარდები. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიზარდა ავტოსადგომების ოდენობა, კიდევ უფრო მოწესრიგდა სამუშაო პირობები ჟურნალისტთათვის და ა.შ. რაც მთავარია, გაიზარდა სტადიონზე მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამების რაოდენობა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტევადობა 4558 ადგილით განისაზღვრა...
აქვე უნდა ითქვას იმაზეც, რომ "ზესტაფონი"-"კარპატის" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, როდესაც გაუსაძლისად მაღალი ტემპერატურის გამო სტადიონზე ნაწილობრივ გამოირთო განათება, თუმცა სტადიონის სათანადო სამსახურების ოპერატიული ჩარევის შედეგად, სიტუაცია სულ რამდენიმე წუთში გამოსწორდა და სტადიონზე მყოფმა უეფას დელეგატმა არნო სარგსიანმა მატჩის მომსახურე ნორვეგიელ არბიტრთა ბრიგადას შეხვედრის გაგრძელების ნიშანი მისცა...
სპორტულმა გამოცემა "მსოფლიო სპორტმა" კი ამ მატჩს შემდეგი შინაარსის სტატია მიუძღვნა: "... თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამდენი ბილეთი ზესტაფონის სტადიონზე არ გაყიდულა. “დავით აბაშიძეზე” ანშლაგი იყო, რაც ქართველი ფეხბურთელებისთვის არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი გახლდათ. ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ტრიბუნაზე ყოფნა კი, ეროვნული გუნდის კანდიდატი იმერელთათვის კიდევ ერთი სტიმული იყო.
ცენტრიდან ბურთის გათამაშება და... ქართველებმა პირველი საგოლე მომენტი შექმნეს. ჯაბა დვალმა, მოედნის ცენტრიდან ბურთი სტუმართა ზურგსუკან გადააგდო, “რეაქტიულმა” გელაშვილმა ბოლო მცველსაც გაასწრო და მეტოქის საჯარიმოში შესული წაიქცა. არც გვერდითს აუწევია ალამი და არც არბიტრს ჩაუსტვენია.
თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ბურთს ზესტაფონელები მეტს აკონტროლებდნენ, მაგრამ უკრაინელების საპასუხო “ჩხვლეტები” უფრო ხიფათიანი იყო. ლვოველთა შეტევაში, განსაკუთრებით დენის კოჟანოვი აქტიურობდა, რომელსაც მხარს კარგად უბამდა გამოცდილი ბატისტა. მე-16 წუთზე ქართველები გოლს გადაურჩნენ. უკრაინელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან, ოშიპკომ ჩაწოდება მოასწრო და შუა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ტკაჩუკმა თავით დაარტყა. ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.
მატჩი ორმხრივი აქტიურობით მიმდინარეობდა... ტაიმის ბოლომდე, გელაშვილი ოციოდე მეტრიდან დაემუქრა სტუმართა კიპერის სამფლობელოს, თუმცა მიზანმა მცირედით უმტყუნა. ერთი უცნაურობა, რაც მატჩის პირველ ტაიმში მოხდა, ის იყო, რომ სტუმრებს, ტრავმების გამო, ორი იძულებითი შეცვლის შესრულება მოუწიათ. ჯერ იყო და, განაპირა მცველი ოშიპკო დაშავდა, ტაიმის კომპენსირებულ დროში კი, ზენიოვი და ალადაშვილის შეჯახება, უკრაინელის თამაშიდან გასვლითა და მის ნაცვლად სანდრო გურულის შემოსვლით დამთავრდა - ასე აღმოჩნდა მინდორზე 12 ზესტაფონელი 10 ლვოველის წინააღმდეგ.
ტაიმი ისე მიილია, მეტოქეთა კიპერებს თამაშში ხეირიანი ჩართვის საშუალება არ მისცემიათ - “სეივამდე” საქმე არ მისულა. ასევე გაგრძელდა მეორე ტაიმში. გუნდები უახლოვდებოდნენ მოპირისპირე კარის მისადგომებს, მაგრამ კარში დარტყმამდე რაღაც აკლდებოდათ. 57-ე წუთზე, ნიკა გელაშვილს ამ ხარვეზის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან “კარპატის” საჯარიმოში შესულმა, კარის ჩარჩოს მცირედით ააცილა.
ამასობაში, გეგუჩაძემ თამაშის კიდევ უფრო გამწვავების პირველ შანსს მიმართა - ძარია ბაბუნაშვილით შეცვალა. ცოტა ხანში კი, მინდორზე სამთთვიანი შესვენების შემდეგ, რატი წინამძღვრიშვილი შეიყვანა. აშკარა იყო, რომ მინდორზე ორი თანაბარი კლასის გუნდი თამაშობდა. სტუმრები პრესინგის წყალობით ცდილობდნენ ქართველთა აქტიურობის ჩაცხრობას.
68-ე წუთზე, კვასხვაძეს პირველად მოუწია თამაშში სერიოზულად ჩართვა. არტიომ ფედეცკის სახიფათო საჯარიმო დარტყმას ქართველთა კიპერი დაეუფლა. 81-ე წუთზე ქართველი მეკარე გურულის ძლიერ დარტყმულს გადაეღობა, თითქმის იქვე კი, ზესტაფონელთა საპასუხო შეტევა აფციაურის სოლო-რეიდითა და ოდნავ უზუსტო დარტყმით დასრულდა.
მატჩის ბოლოსკენ, მასპინძლების შეტევებმა მეტი სიმწვავე შეიძინა. წინ ხშირად მიდიოდა გიორგი ხიდეშელი, აქტიურობდა წინამძღვრიშვილი, მასსავით შეცვლაზე შემოსულმა ბენაშვილმა, შორი საჯარიმო დარტყმით, კინაღამ დალაშქრა ტლუმაკის კარი.
თითქოს, გოლი სტუმართა კარისთვის “მწიფდებოდა” და ქართველებმა კი გაუშვეს. კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე, “კარპატის” სწრაფი კონტრშეტევა ლამაზი გოლით დასრულდა. მარცხნიდან “მარაოსავით” გაშლილმა კომბინაციამ გურულიდან ბატისტასთან გადაინაცვლა, ბრაზილიელმა ხუდობიაკი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი დენის კოჟანოვსსაგოლე დარტყმა შეასრულებინა - 0:1"...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი ამ შეხვედრის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.