Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.10.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": იმერელთა სტუმრობა ლვოვში

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ კიდევ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 29 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქალაქ ლვოვის სტადიონ "უკრაინაზე" ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ადგილობრივ "კარპატის” დაუპირისპირდა.

 

სან-მარინოს წარმომადგენელი "ფაეტანოსა" და სლოვაკური "დუკლას" ბარიერების გადალახვის შემდეგ, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ზესტაფონელებს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდათ - უკრაინაში "მწვანე ლომებად" წოდებული კარპატელების რიგებში იმ პერიოდში არაერთი სერბი, ბრაზილიელი და ნიგერიელი ლეგიონერის მხარდამხარ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებიც (მათ შორის, არტიომ ფედეცკი) ასპარეზობდნენ...

 

შეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები ზესტაფონელთათვის წარუმატებელი გამოდგა, მიმდინარეობდა შეხვედრის მეექვსე წუთი, როდესაც იგორ ხუდობიაკმა თავური დარტყმით თავის გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ორივე გუნდი ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა განსაკუთრებული ხიფათი როგორც როინ კვასხვაძის, ასევე ანდრიი ტლუმაკის კართან ნაკლებად იქმნებოდა. ყველაზე მეტად გამოსარჩევია ჯაბა დვალის სახიფათო გარღვევა, როდესაც ქართველთა ფორვარდი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ბურთი დაიკარგა ...

 

მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლები გვარიანად ანერვიულეს კიდეც. ანგარიშის გათანაბრება ნიკოლოზ გელაშვილს მართებდა, მაგრამ ანდრიი ტლუმაკთან პირისპირ გასულმა, მცველთან ორთაბრძოლაში, ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხა.

 

ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში, თორნიკე აფციაური ურტყამდა სახიფათო პოზიციიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართველ შემტევს სიზუსტემ უღალატა. მატჩის უკანასკნელ, 90-ე წუთზე იგორ ხუდობიაკის დარტყმის შემდეგ ზაალ ელიავამ ზესტაფონელები აშკარა გოლს გადაარჩინა. საბოლოოდ, უკრაინელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

 

ამ გუნდების მონაწილეობით ჩატარებული განმეორებითი შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 2010 წლის 5 აგვისტოს გაიმართა. თუმცა, ამ მატჩის პერიპეტიების შესახებ რუბრიკა "რეტროსპექტივას" მომდევნო გამოშვებაში გიამბობთ ...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი ლვოვში გამართული მატჩის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

29.07.2010. ”კარპატი” (ლვოვი, უკრაინა) - ”ზესტაფონი” - 1-0

დაწვრილებით:

 

გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ ლვოვის "კარპატის" ოფიციალური საიტის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015