მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშეტკივართა კლუბის 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
მარგველთა საკლუბო ატრიბუტიკით "აღჭურვილმა" ქომაგებმა, გარდა იმისა, რომ ისევ შეუერთდნენ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თანადგომის აქციას და მხურვალედ უქომაგეს ეროვნულ ნაკრებს, კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
როგორც იცით, ზესტაფონელთა თბილისური "ვოიაჟი", შოტლანდიელებთან ერთი თვის წინ გამართული მატჩის მსგავსად, ეროვნული ნაკრებისთვის ისევ "ფეხბედნიერი" გამოდგა - საქართველომ გიბრალტარი დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა... ჩვენი კლუბი პრეს-სამსახური კი გუშინდელი ამბების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...