01.10.2015
ინტერვიუ თამარ ნოდიასთან
მე, გივი ნოდიას შვილი ვამბობ - მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, რეზო არველაძის გვერდით ნამდვილად არ იქნებოდა
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გივი ნოდიას შვილი, თამარ ნოდია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერია. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ უკვე წლებია, "ზესტაფონს" და ფეხბურთს ემსახურება. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ...
-გივი ნოდიას შვილს წესით არ უნდა ჰკითხო, ფეხბურთში როგორ მოხვდიო, მაგრამ როგორ მოხვდი საფეხბურთო წრეში და კონკრეტულად "ზესტაფონში"?
-როცა ნოდარ ახალკაცი სფფ-ის პრეზიდენტი იყო, ჩემი რეზიუმე მივუტანე. ყურადღებით მომისმინა და მითხრა, ახლა არანაირი ვაკანსია არ მაქვსო. რამდენიმე დღეში კი დამირეკა და მითხრა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" სასწრაფოდ სჭირდება ინგლისური ენის მცოდნე კადრიო. მივედი "ზესტაფონში" და გავიცანი ილია კოკაია. მას შემდეგ აქ ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ბატონ ილიას ჩემს პროფესიულ ზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან მაქცია ნამდვილ პროფესიონალად და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ. ისე გამოვიდა, რომ ბატონმა ილიამ ვალდებულება აიღო გივი ნოდიას ოჯახზე, რომ ეზრუნა და დღემდე ასეა. არადა, მამა არ იცნობდა კოკაიას, არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა და...
- თითქოს რაღაცის თქმა გიჭირს...
-როცა მამა გარდაიცვალა, მისი გასვენების მეორე დღეს, ჩვენს ოჯახში შეიკრიბნენ ადამიანები, მამას მეგობრები, ვეტერანი ფეხბურელები და ყველა ერთს ამბობდა - ჩვენ გივის ოჯახზე უნდა ვიზრუნოთ, არ უნდა იგრძნონ, რომ გივი აღარ არისო. სად გაქრა ეს ხალხი? ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ ახსოვსგივი ნოდიას ოჯახი?! ეს ადამიანები ახლა იმ ბანაკში არიან, რომელსაც რეზო არველაძის ბანაკი ჰქვია. არადა, არველაძეების ოჯახი არ არის ჩვენთვის უცხო - რეზის მამა, ბატონი იუსტინე ჩემი ძმის ნათლიაა, თუმცა ნათლია იყო მაშინაც, როცა რეზიმ მამაზე ცუდი ილაპარაკა. პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ აწყდებოდა მამა კედლებს და როგორ ინერვიულა.
-როგორც ვიცი, ამის შესახებ რაღაც ჩანაწერიც გააკეთა თავის წიგნაკში...
-მამა იწერდა ისეთ რამეებს, რასაც ემოციურად აღიქვამდა. საუბარი და წუწუნი არ უყვარდა, თავისთვის წერდა ხოლმე. მახსოვს, მაშინ გაგიჟებული იყო. იჯდა რეზო სტუდიაში და მამას ლანძღავდა. მამა "დინამოს" მწვრთნელი იყო და რეზი გუნდიდან წავიდა. მაშინ მამას ეუბნებოდნენ, რატომ არ პასუხობო. მამა თავის სიმაღლეზე დადგა და არ აჰყვა ამ ყველაფერს.
-შეგიძლია ჩანაწერი მანახო?
-მცირე ჩანაწერია... "კონფრონტაცია არ ყოფილა. არავინ არ მომიყვანია, თავიდან ბოლომდე რეზის და მის გუნდს დავეყრდენი. თურმე მარტო ვყოფილვარ. რეზის რომ ვხვდებოდი, მიხაროდა. თავის დროზე მე ავიყვანე გუნდში..."
-და დღეს რეზი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია, იმ ფედერაციის, რომლის აღმასკომმაც რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთიდან ილია კოკაია მოკვეთა...
-იცით, როგორ არის? მგონია, რომ ფეხბურთს ახალი სისხლი სჭირდება. ახლა პრეზიდენტის მოვალეობას საშა ჩივაძე ასრულებს. ის ყოველთვის იყო მამას მეგობარი, მაგრამ ვერ ვიგებ, რატომ არის იმ ადამიანების მხარეს, ვინც ფეხბურთში ვერაფერი გააკეთა. მე ვამბობ, რომ არ გააკეთეს. ვერგაკეთება არ მესმის, რას ნიშნავს, როცა ამდენი წელი სათავეში ხარ. თუ ვერ აკეთებ, ესე იგი, არ შეგიძლია და უნდა წახვიდე, მაგრამ მგონია, რომ ვერ კი არა, არ აკეთებენ. ამიტომ უნდა წავიდნენ და ახალი ხალხი მოვიდეს. რაც შეეხება კოკაიას მოკვეთას... მე არ ვიცი, რა უთხრა ბატონმა ილიამ ჩივაძეს, მაგრამ რვა წელია, ამ კაცის გვერდით ვმუშაობ და როცა რამეს ამბობს, ამას უსაფუძვლოდ არ აკეთებს!
-და ახლა რას აპირებს კოკაია?
-არ ვიცი... ილია კოკაიას ჩამოშორება ფეხბურთიდან უბრალოდ დანაშაულია. Iს პირველი იყო, რომელმაც უზარმაზარი თანხები ჩადო ფეხბურთში, ინფრასტრუქტურა მოაწყო, გუნდი გააკეთა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა. ახლა კი... იცით, რამ გამაბრაზა? ვეტერანები იყვნენ შეკრებილები ფედერაციაში და იქ ითქვა, რომ გივი ნოდია ცოცხალი რომ ყოფილიყო, მხარს რეზო არველაძეს დაუჭერდაო. ამ შეკრებაზე ბიძაჩემი, ლევან ნოდიაც იყო, რომელიც ახლა რეზოს გუნდშია და ეს ჩემთვის მიუღებელია. მე, გივი ნოდიას შვილი ვამბობ, მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, რეზო არველაძის გვერდით ნამდვილად არ იქნებოდა!
-ბიძასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
-რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ფეხბურთზე ვსაუბრობთ, მუდმივად ვკამათობთ. არ ვეთანხმები იმაში, რომ არის იქ, სადაც არის....
|
|