Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.09.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": "დუკლას" იმერული კოშმარი

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 15 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საკუთარ სტადიონზე ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას წარმომადგენელ "დუკლას” დაუპირისპირდა.

 

დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ "ზესტაფონი"-"დუკლას" მატჩისადმი მიძღვნილ, ჟურნალისტ ფრიდონ კერვალიშვილის მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც ინტერნეტსაიტ "მსოფლიო სპორტზე" გამოქვეყნდა:

 

"ნაცნობი სურათი – სავსე ტრიბუნები, საკუთარი გუნდის კარგი თამაშის მომლოდინე მაყურებელი და ზაფხულის პირობაზე კარგი სათამაშო ამინდი. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე, ფეხბურთელებს ისღა დარჩენოდათ, რაც შეეძლოთ ეჩვენებინათ. ვის რა და როგორ გამოუვიდა ნაჩვენები, ბოლოს ტაბლოდან გამოჩნდა.


ფეხბურთელები კარგად “გახურებულები” არ იყვნენ, სტუმართა კართან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ჯაბა დვალი მეკარის პირისპირ დარჩა, დაარტყა, მაგრამ ბურთი ბოროშისგან დაუცველ მარჯვენა კუთხეს მცირედით აცდა. თამაშში კიპერისგან შეტანილი ბურთი, მცველს გელაშვილმა “მოპარა” და მახვილი კუთხიდან დაარტყა – “დუკლას” მეკარემ ბურთი ადგილზე გააქვავა.


დებიუტში მასპინძელთა აქტიური თამაში ამით არ დამთავრებულა. შეუჩერებელი იყო დვალი, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯაბნიდა სლოვაკთა მცველებს. მე-10 წუთზე ჯაბას ოციოდე მეტრიდან დარტყმული, ბოროშმა კუთხურზე მოიგერია. აქედან ოთხ წუთში, ბაბუნაშვილი დაემუქრა სტუმართა კარს – კიპერი ამჯერადაც ადგილზე დახვდა დარტყმულს.


გეგუჩაძის შეგირდები კვლავ განაგრძობდნენ მეტოქის საჯარიმოს ოკუპაციას, თუმცა სლოვაკებს საიმედოდ ჰქონდათ კარის მისადგომები დაცული. 24-ე წუთზე ვერც სლოვაკურმა “რედუტებმა” დაიცვა სტუმრები გაშვებული გოლისგან. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გელაშვილმა თავი წაკრა და კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჯაბა დვალმა თავით შეძლო ანგარიშის გახსნა – 1:0.


მასპინძლებმა შეტევები არც ამის შემდეგ დაივიწყეს და ტაიმის დამთავრებამდე, მინიმუმ, ორჯერ მაინც იყვნენ გოლის გატანის ღირსნი. 42-ე წუთზე, აშკარად საუკეთესო ჯაბა დვალის შორეულ დარტყმულს, კიპერმა კუთხურზე მიუჩინა ადგილი, ხოლო პირველი ნახევრის ბოლო წუთზე, ზესტაფონელთა მეორე ფორვარდს გოლის გატანის შანსი მიეცა - ნიკა გელაშვილის თავურს, მიზანი ოდნავ დააკლდა.


“ზესტაფონს” მეორე ტაიმშიც ისეთივე აქტიური დასაწყისი ჰქონდა, როგორც პირველში – იმ განსხვავებით, რომ ამჯერად, გოლის გატანა შეძლეს. სწრაფ, მრავალსვლიან კომბინაციას “გვირგვინი” ირაკლი ძარიამ დაადგა, საგოლე პასი კი დვალის ანგარიშზეა – 2:0.


ისე არ იფიქროთ, სტუმრები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. კაროლ მარკოს გაწვრთნილებს “მშრალად” შინ გაბრუნების სურვილი არ ჰქონდათ, მაგრამ ქართველ მცველებს ერთ-ერთი საუკეთესო საევროტურნირო შეხვედრა ჰქონდათ. კი უგებდა მაღალ ბურთებს იოზეფ ადამიკი ხიდეშელს და ონიანს, მაგრამ არცერთი ეს ეპიზოდი, კვასხვაძის კართან ხიფათით არ დასრულებულა.


მეორე ტაიმის შუაში დვალმა ერთხელაც გაიბრწყინა და მატჩის დამთავრებამდე ათიოდე წუთით ადრე, მინდვრიდან უკვე დუბლის ავტორის რანგში გადიოდა. სლოვაკთა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან გრიგალაშვილის შესრულებული დარტყმა, ბოროშმა ძლივს მოიგერია, უკან გამოვარდნილ ბურთს კი, ჯაბა დვალმა ეფექტური დაბოლოება მოუძებნა3:0.
"

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი, ტრადიციისამებრ, ამ მატჩის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

15.07.2010. ”ზესტაფონი” - ”დუკლა” (ბანსკა-ბისტრიცა, სლოვაკეთი) - 3-0

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015