Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.08.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის საკრებულომ ქონების გადასახადი 1000-ჯერ შეამცირა

 

 

 

 

 

 

 

 

გუშინ, 27 აგვისტოს, გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ ფრიად მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის განცხადება იქნა განხილული.

 

როგორც მოგეხსენებათ, კერძო საკუთრებაში არსებულ საფეხბურთო კლუბებს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს სხვადასხვა სახის გადასახადები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ე.წ. "ქონების გადასახადს" უჭირავს. ყოველწლიურად იმერულ კლუბს, რომლის საკუთრებაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი და ბაზა გახლავთ, ადგილობრივ ბიუჯეტში 50 000 ლარამდე გადასახადის გადახდა უწევდა.

 

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენი კლუბისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სათანადო ინსტანციებს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, საფეხბურთო კლუბის ხელშეწყობის ასეთი გზა იქნა გამონახული კიდეც.

 

უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა მიერ აღებული გეზის სისწორეში რწმენა ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ მიღებულმა სპორტული ობიექტებისათვის ქონების გადასახადის ათასჯერ შემცირების შესახებ გადაწყვეტილებამ განამტკიცა...

 

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, ზესტაფონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტებისათვის ქონების გადასახადის 1000-ჯერ შემცირების შესახებ - ცვლილების მიხედვით, სპორტის სფეროში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი, 1%-ის ნაცვლად, 0,001% იქნება. თუმცა, არის განსხვავებაც - თუ თბილისში ეს შეღავათი 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, ზესტაფონის საკრებულოს გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდა.

 

“საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ქონების გადასახადი წლის განმავლობაში თითქმის 50 000 ლარი იყო, ჩვენ შევუმცირეთ ეს გადასახადი და ფაქტობრივად სიმბოლური თანხის - 49 ლარის გადახდა მოუწევთ. კლუბს შეუძლია დარჩენილი თანხა საკუთარი განვითარების საქმისთვის გამოიყენოს” – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ.

 

აღნიშნულ თემაზე ასევე ისაუბრა საკრებულოს წევრმა და იმერული კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემაც: “თბილისის შემდეგ ზესტაფონი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას შეუერთდა. ფეხბურთი კერძო სექტორის ხელშეწყობის გარეშე ვერ განვითარდება. მიღებული გადაწყვეტილება კი კერძო სექტორის ქართულ ფეხბურთში ჩართვას ხელს შეუწყობს”.

 

აქვე გთავაზობთ რეგიონალური ტელეკომპანია "არგოს" მიერ მომზადებულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 აგვისტოს გამართული სხდომის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეომასალას.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015