Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.08.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": მარგველთა სტუმრობა მსოფლიოს უძველეს რესპუბლიკაში

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ სან-მარინოს წარმომადგენელ "სოსიეტა კალჩო ფაეტანოს” წინააღმდეგ გამართულ განმეორებით მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 8 ივლისს ქალაქ სერავალეს ”სტადიო ოლიმპიკოზე” დაფიქსირებული ფრის მიუხედავად, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გააღწია.

 

ერთი კვირით ადრე აპენინელთა 5-0 განადგურების შემდეგ, მარგველთა იმჟამინდელმა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მსოფლიოს უძველესი რესპუბლიკის სტატუსით ცნობილი სან-მარინოს მთავარი არენის, ”სტადიო ოლიმპიკოს” მწვანე მინდორზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა.

 

"ზესტაფონისა" და "ფაეტანოს" მონაწილეობით გამართული პირველი შეხვედრის მსგავსად, განმეორებითი მატჩიც ქართველთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა. უკვე 8-ე წუთზე თავის გუნდის დაწინაურება საბა ლომიას შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ზესტაფონელთა ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმული "ფაეტანოს" კარის ძელმა მოიგერია. 20-ე წუთზე გიორგი ხიდეშელის თავურის შემდეგ ბურთმა სან-მარინოელთა კარის ძელი კიდევ ერთხელ "მოინახულა"...

 

კარის აღების შესაძლობლობა გიორგი მიქაბერიძეს, გოგი ფიფიასა და ირაკლი ძარიას მიეცათ, მაგრამ "სპორტული იღბალი" ამ ეპიზოდებშიც მასპინძელთა მხარეს აღმოჩნდა. მასპინძლებმა სტუმართა კარის მიმართულებით პირველად 42-ე წუთზე შორიდან გაისროლეს - მატია რინალდის 35 მეტრიდან დარტმულს ზურაბ მამალაძე მშვიდად დაეუფლა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში მარგველთა დაწინაურება ისევ საბა ლომიას მართებდა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე ფედერიკო გოცის გასცდა და ბურთიც კარში ზუსტად გადაგზავნა, მაგრამ კარის ხაზიდან ბურთის მოგერიება მასპინძელთა მცველმა მოახერხა.

 

64-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში ამ გუნდებს შორის გამართული პირველ მატჩში ორი "დუბლის" ავტორები - ჯაბა დვალი და ნიკოლოზ გელაშვილი გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელს მწვანე მინდორზე შესვლისთანავე შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ამჯერად ფედერიკო გოციმ გამოიჩინა თავი და თავის გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. იმერლებმა მატჩის დასკვნითი წუთებიც შეტევებში გაატარეს, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ჯაბა დვალმა კიდევ ერთხელ "შეაწუხა" სან-მარინოელთა კარის ძელი, მაგრამ საბოლოოდ მატჩი უგოლოდ - 0-0 დასრულდა.

 

შედეგად, ზესტაფონელებმა უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწიეს, სადაც მათ სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საფეხბურთო კლუბი ”დუკლა” ელოდა. ამ ქართულ-სლოვაკური დაპირისპირების დეტალებზე რუბრიკა "რეტროსპექტივის" შემდეგ გამოშვებებში გესაუბრებით.

 

აქვე, როგორც ყოველთვის, ჩვენი კლუბის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ "ფაეტანო"-"ზესტაფონის" მატჩის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

08.07.2010. ”ფაეტანო” (ფაეტანო, სან მარინო) - ”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015