Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.08.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": სანმარინოელთა სტუმრობა იმერეთში

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 1 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საკუთარ სტადიონზე ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში სან-მარინოს წარმომადგენელ "სოსიეტა კალჩო ფაეტანოს” დაუპირისპირდა.

 

უეფას ევროპალიგის ახალი გათამაშების დაწყებასა და ქართულ-აპენინური დუელის მონაწილეებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილი მასპინძელთა 4 000 ქომაგი ოვაციით შეეგება. მაყურებელთა წინასამატჩო მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, რადგან მატჩი უხვგოლიანი და კარგი საცქერი გამოდგა...

 

პირველივე წუთებიდან მოყოლებული უპირატესობა ხელთ მასპინძლებმა იგდეს, თუმცა სათამაშო უპირატესობის გატანილ გოლებში გარდასახვა იმერლებმა მხოლოდ 20-ე წუთზე მოახერხეს - ნიკოლოზ გელაშვილის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია.

 

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებმა ტემპს უმატეს და შემდეგ ოთხ წუთში კიდევ ორჯერ იხეირეს - 23-ე წუთზე ირაკლი ძარიას დროული გადაცემით ჯაბა დვალმა ისარგებლა, ხოლო 24-ეზე წინა ეპიზოდის გმირმა ასისტენტობა გაუწია ნიკოლოზ გელაშვილს, რომელმაც დუბლი აუღელვებლად გაიფორმა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჯაბა დვალმა გახადა - 62-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, გოლის ავტორს საგოლე პასი ისევ ირაკლი ძარიამ გაუკეთა. 90-ე წუთზე კი დღევანდელ შეხვედრას საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გორგიაშვილმა დაუსვა, საგოლე პასი კი შოთა გრიგალაშვილმა მიითვალა.

 

ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით და უსერიოზულესი განაცხადი შემდეგ წრეში გასასვლელად - 5-0. ამ გუნდების საპასუხო მატჩი ზუსტად ერთ კვირაში, 2010 წლის 8 ივლისს, სან-მარინოში გაიმართა - ჩვენ კი იმ მატჩის დეტალების შესახებ რუბრიკა "რეტროსპექტივას" შემდეგ გამოშვებაში მოგითხრობთ ...

 

აქვე, ტრადიციისამებრ, "ზესტაფონის" პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მატჩის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

01.07.2010. ”ზესტაფონი” - ”ფაეტანო” (ფაეტანო, სან მარინო) - 5-0

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015