Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.08.2015

 

 

 

 

 

 

 

 

დაუშვილის საქმე: წერილი ფიფადან

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი საიტის მომხმარებელსა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოებას კარგად ახსოვს გახმაურებული ისტორია, რომელიც ერთ დროს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელის მურთაზ დაუშვილის უკრაინულ ლვოვის "კარპატში" სკანდალურ გადასვლასთანაა დაკავშირებული.

 
როგორც მოგეხსენებათ, მურთაზ დაუშვილმა, რომელიც საფეხბურთ კლუბ "ზესტაფონის" აზრდილია, იმერული კლუბის რიგებში ექვსი წელი გაატარა. 2011 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც იმერული გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებაზე იყო კონცენტრირებული, ლვოვის "კარპატისა" და მურთაზ დაუშვილს შორის გაფორმდა წინასწარი კონტრაქტი. როგორც მოგეხსენებათ, ამის შესახებ ინფორმაცია და კონტრაქტის გაფორმების დამადასტურებელი ფოტომასალა თავად უკრაინელებმა გაავრცელეს, თუმცა შემდგომ, საქმეში ქართული მხარის ჩართვის შემდეგ, ინტერნეტ-სივრციდან ამ მასალის სასწრაფოდ მოშორება და საქმის დეტალების გასაიდუმლოება სცადეს.

 

ჩვენმა კლუბმა, იმის გათვალისწინებით, რომ მურთაზ დაუშვილს თავის ახალ კლუბში გადასვლის მომენტში არ შესრულებია 23 წელი, ფიფას შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად, ლვოველთაგან მოითხოვა ფეხბურთელის აღზრდისა და მომზადებისათვის კუთვნილი კომპენსაცია...

 

საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ამ საქმესთან დაკავშირებით მიმართა შესაბამის ინსტანციებს - საქმის ჯერ ფიფას დავათა განმხილველ პალატაში, შემდეგ კი ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში (CAS) ხანგრძლივი შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ინსტანციამ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა თავის საბოლოო ვერდიქტი და მურთაზ დაუშვილის აღზრდისა და მომზადებისათვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ, ლვოვის საფეხბურთო კლუბ "კარპატის" საფეხბურთი კლუბ "ზესტაფონის" სასარგებლოდ 180 000 ევროს გადახდა დააკისრა.

 

უკრაინულმა კლუბმა არც ლოზანის სპორტული არბიტრაჟის (CAS) გადაწყვეტილების აღსრულება იჩქარა და ამის შემდეგ საქმეში უკვე ფიფას სადისციპლინო კომიტეტი ჩაერთო. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" მიიღო ფიფას დისციპლინართა მიერ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სახელზე გაგზავნილი წერილის ასლი (იხილეთ ქვემოთ), რომელშიც შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი:

 

"მოგმართავთ ზემოაღნიშნულ საქმესთან (ფეხბურთელ მურთაზ დაუშვილის წვრთნისა და აღზრდის კომპენსაცია) დაკავშირებით, ვინაიდან საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საფეხბურთო კლუბ ლვოვის "კარპატს" კვლავ არ შეუსრულებია ლოზანის არბიტრაჟის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული კი წარმოადგენს ფიფას სადისციპლინო კოდექსის 64-ე მუხლის დარღვევას, რაც ექვემდებარება სადისციპლინო საქმის განხილვას ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მიერ.

 

შესაბამისად გატყობინებთ, რომ ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მიერ დაწყებულია სადისციპლინო საქმის განხილვა საფეხბურთო კლუბ ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ. აღნიშნული სადისციპლინო საქმე განიხილება ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მომდევნო სხდომაზე და შესაძლოა დაწესდეს რომელიმე სადისციპლინო სახის სანქცია (ჯარიმა, ქულების დაკლება, ქვედა ლიგაში დაქვეითება).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით ვავალდებულებთ საფეხბურთო კლუბ ლვოვის "კარპატს" დაუყოვნებლივ გადაუხადოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" 180 000 ევრო... იმ შემთხვევაში, თუ კლუბი დაუყოვნებლივ დაფარავს ზემოაღნიშნულ დავალიანებას და ჩვენ გადმოგვეგზავნება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადისციპლინო საქმის წარმოება დაიხურება.

 

ვთხოვთ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას წინამდებარე წერილი საფეხბურთო კლუბ ლვოვის "კარპატს" დაუყოვნებლივ გადაუგზავნოთ. მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის."

 

* * *

 

P.S. ჩვენი მკითხველის ყურადღება კი ერთ საინტერესო დეტალზე გვინდა გავამახვილოთ - "ზესტაფონსა" და "კარპატს" შორის ამ დავის მიმდინარეობისას (2012 წლის შემდეგ), უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ლვოველთა ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას (მათ შორის, საერთაშორისო ინსტანციებში უკრაინული კლუბის გამტყუნებისა და მისთვის საკმაოდ სერიოზული თანხების დაკისრების შემდეგაც).

 

უნდა ითქვას, რომ ფიფასა და ლოზანის არბიტრაჟში დამარცხებული კლუბის გვერდით უკრაინული ფეხბურთის სახლის მკვიდრთა დგომა მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელთა ქმედებებს, გამოგონილი მიზეზითა და არგუნმენტაციის გარეშე ეროვნული ჩემპიონატის ჯერ უმაღლესი, შემდეგ კი პირველი ლიგიდანაც ქვეყნის ორგზის ჩემპიონი კლუბის მოხსნასა და კიდევ ბევრ დანაშაულებრივ "უცნაურობას" უყურებ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015