Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.08.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": შვედური თრილერი

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მორიგ ისტორიულ მატჩზე გესაუბრებით - 2009 წლის 23 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგის სტადიონ "ოლიმპიაზე" ევროპალიგის 2009-2010 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გამართა.

 

პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის (1-2) მიუხედავად, მარგველები სკანდინავიას საბრძოლო შემართებითა და შემდეგ ეტაპზე გაღწევის დიდი სურვილით ეწვივნენ. უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და სანუკვარი მიზნის მიღწევამდე მათ სულ მცირედი (ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება და სულ რამდენიმე წამი) დააკლდათ...

 

შეხვედრის დასაწყისში ზესტაფონელებს მცირე სასტარტო ნერვიულობა კი ეტყობოდათ. თუმცა, პირველი ნახევრის შუა წუთებისკენ სტუმრებმა თამაშის დალაგება მოახერხეს და 29-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯაბა დვალის მიერ გატანილმა გოლმა შოკში ჩააგდო სტადიონზე შეკრებილი შვედი გულშემატკივრები.

 

31-ე წუთზე კი სტუმართა ქომაგთა 25-კაციან სექტორში ეიფორიამ დაისადგურა - ნიკა გელაშვილმა უძლიერესი შორიდან დარტყმულით მეორედ დალაშქრა პერ ჰანსონის კარი. ზესტაფონელთა ფორვარდის გოლი ისეთი ლამაზი გამოვიდა, შვედური ტელევიზიის კომენტატორმაც (იხილეთ მატჩის ვიდეოჩანაწერი) კი ვერ დამალა აღფრთოვანება...

 

მეორე ტაიმი ზესტაფონელებმა კარგად ჩაატარეს - მაგრადაც დაუდგნენ სახელოვან მეტოქეს და თავადაც შეეძლოთ გატანა. თუმცა, მასპინძელთა გუნდის გამოცდილებამ თავისი მაინც გააკეთა - 94-ე წუთზე ჰენრიკ ლარსონის გადაცემის შემდეგ იოელ ეკსტრანდმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

 

დამატებითი დროის პირველი ტაიმის მეათე წუთზე ერიკ სუნდინმა ანგარიში საყაიმო გახადა, მეორე ექსტრა-ტაიმში ზესტაფონელებმა შვედების კართან მცირე შტურმიც კი მოაწყვეს, თუმცა, სტუმართათვის სამწუხაროდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ”ჰელსინგბორგი” გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მას ბოსნიური კლუბი ”სარაევო” ელოდა ...

 

ჩვენ კი ამ მატჩის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ...

 

 

23.07.2009. ”ჰელსინბორგი” (შვედეთი) - ”ზესტაფონი” - 2-2 (დამატებით დროში)

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015