29.07.2015
ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!
ჩვენ უსამართლოდ წაგვართვეს უმაღლესში ადგილი და საარჩევნო ხმა!
|
|
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონი" არც პირველ ლიგაში ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით, კლუბის პოზიცია დააფიქსირა მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.
"პირველ რიგში, მოვლენათა ეს დანაშაულებრივი ჯაჭვი სათავეს იღებს არა აღმასკომის ბოლო გადაწყვეტილებიდან, არამედ იმ დროიდან, როცა "ზესტაფონი", ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეობა არ მიიღო გარიგებულ შეხვედრაში, მოხსნეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან.
მატჩის გარიგების საფრთხის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ამომწურავად იყვნენ ინფორმირებულნი, მაგრამ თითიც არ გაუნძრევიათ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და სადღეისოდ ის ამომწურავ ინფორმაციას ფლობს ამ თემაზე. მათთვის უკვე ცნობილია როგორც შემსრულებლები, ასევე ისინი, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა.
ველით, რომ დამნაშავენი უმოკლეს დროში დაისჯებიან და ასევე თავის წილ სასჯელს ვერ ასცდებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც არაფერი მოიმოქმედეს ამ ფაქტის აღსაკვეთად და პირიქით, "ფეარ პლეის" პრინციპების ერთგული „ზესტაფონი“ დასაჯეს თავის ფრთის ქვეშ არსებული იურიდიული სტრუქტურების მეშვეობით.
მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში სპორტული ტრიბუნალი და სათანადო იურიდიული ორგანოები მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად, ჩვენში ყველაფერი ორი ადამიანის, ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული.
ეს ადამიანები იღებენ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს და მერე თვითონვე უწევთ მათი შეცვლა საზოგადოებრივი აზრის მძაფრი რეაქციის გამო მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. ამის მაგალითი უამრავია. მე მოვიყვან მხოლოდ ერთს - „ჩხერიმელასა“ და „ლოკომოტივის“ ისტორიას, რომელიც ახალი მომხდარია და ყველას კარგად გვახსოვს. მაშინ რკინიგზელთა გუნდის დაჩაგვრას ცდილობდნენ სატურნირო თვალსაზრისით გაუგონარი ხერხებით.
საგანგაშო არ არის ის, რომ პირველი ლიგის გარეთ დაგვტოვეს. საგანგაშო ისაა, რომ ქართული ფეხბურთი პირად, მერკანტილურ ინტერესებზე ორიენტირებული ჯგუფის მიერ იმართება და ეს შედეგებზე აისახება. საქართველოს ნაკრებს ფიფას რეოტინგში 153-ე ადგილი უკავია, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობა კი ნათლად ვნახეთ ევროთასებზე.
„ზესტაფონი“ არის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობის ოპონენტი და მას წაართვეს საარჩევნო ხმა. ამით ოპონენტის მოშორებას ცდილობენ. ეს ჰგავს ავტორიტარულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს, როცა არადემოკრატიული რეჟიმი ყველაფერს კადრულობს და ოპოზიციურ აზრს ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით ებრძვის.
გვეიმედება, რომ უახლოეს მომავალში ქართული ფეხბურთის სათავეში ჯანსაღ ძალებს ვიხილავთ, რომლებიც ამ სფეროში ბოლო წლებში მომხდარ ფაქტებს სათანადო შეფასებას მისცემენ, დამნაშავეებს დასჯიან და ჩვენი ფეხბურთის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვთქვით უარი პირველ ლიგაში მონაწილეობაზე, ეს არ არის მართალი. ჩვენ არ დავსწრებივართ სხდომას, მაგრამ არც უარი გვითქვამს...
ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ზესტაფონს" უმაღლეს ლიგაში უსამართლოდ წაართვეს ადგილი და სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ ამ კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად...
ჯერ ჩვენ აღმასკომის გადაწყვეტილება წერილობით არ მიგვიღია. როცა მას მივიღებთ, მკითხველს ვაცნობებთ, თუ სად იასპარეზებს "ზესტაფონი" და აღმასკომის ბოლო სხდომის დეტალებზეც მერე ვისაუბროთ", - გვითხრა ფუტკარაძემ.
ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
* * *
პ.ს. აქვე უნდა ითქვას იმ დიდ იმედგაცრუებაზე, რომელიც შექმნილი ვითარებისადმი ქართული საფეხბურთო კლუბების დამოკიდებულითაა გამოწვეული - საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონის" მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებების ფონზე, არც ერთ კლუბსა თუ მის ხელმძღვანელს მიმდინარე პროცესებისადმი თავის დამოკიდებულება არ დაუფიქსერებია...
|