Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

მხოლოდ საქართველოში - მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!

 

აღმოჩენები, კითხვები და პასუხები ...

 

 

 

 

 

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ გაზეთ „ლელოში“ დაიბეჭდა ინტერვიუ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესო აბაშიძესთან, რომელიც იმავდროულად ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტიც გახლავთ და  გაზეთის ფურცლებზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონთან“ დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ამ სტატუსით საუბრობს.


რესპონდენტი მკითხველს „ამცნობს“ იმის შესახებ, რომ "„ზესტაფონს" შეჩერებული აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი და სწორედ ამ სტატუსის შეჩერების შემდეგ გადაიხადა კოკაიამ შოთა ბაბუნაშვილისა და თორნიკე აფციაურის დავალიანებები". უნდა ითქვას, რომ შეთანხმება ჩვენს კლუბსა და ამ ორ ფეხბურთელს  შორის არსებობდა სფფ-ს აღმასკომის ცნობილ სხდომამდეც (როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე „ზესტაფონს" სფფ-ს წევრის სტატუსი შეუჩერეს),  ფეხბურთელების დავალიანებაც გასტუმრებული იყო და საერთოდ, ამ მიმართულებით ყოველგვარი სადავო საკითხი ამოწურული გახლდათ, რის გადამოწმებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.


რაც შეეხება თამაზ ოდიკაძის საკითხს, რომლით აპელირებასაც ცდილობს თავის ინტერვიუში ბატონი აბაშიძე, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ამ სპეციალისტმა, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეორე გუნდში მუშაობის (ხელფასისა და სამუშაო პირობების სრულად შენარჩუნებით) წინადადების მიღების მიუხედავად, კლუბთან შეუთანხმებლად მიატოვა სამსახური, მიაშურა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“, სადაც იმუშავა არა ერთი კვირა, როგორც თავად ბატონი აბაშიძეც აცხადებს, არამედ თითქმის ერთი თვე და კუთვნილი ანაზღაურებაც აიღო (გაგრელებთან ამის გადამოწმებაც არ უნდა იყოს რთული).

 

ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რაში უნდა გადაუხადოს კლუბმა ხელფასი ისეთ თანამშრომელს, რომელმაც სამსახური მიატოვა და სამუშაოდ სხვა კლუბში გადავიდა. ან იქნებ პატივცემულ მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებშიც ის დღესდღეობით საქმიანობს, მსგავსი საკითხებისადმი სხვა დამოკიდებულაა?!

 

"ზესტაფონის" წარმომადგენლებთან ურთიერთობის პროცესში თამაზ ოდიკაძეს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ ბესო აბაშიძე მისი ინტერესების დამცველი გახლავთ და გაწეულ მომსახურეობაში გარკვეულ გასამრჯელოსაც ელის. უცნაურია, როდესაც ფეხბურთში "ფულის საშოვნელად" მოსული პირი გაზეთის ფურცლებზე შეურაწყოფას აყენებს ადამიანს, რომელმაც 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე ფეხბურთში საკუთარი ჯიბიდან ამოღებულ 40 მილიონ დოლარამდე დახარჯა, ააშენა ორი საფეხბურთო ბაზა, გაარემონტა და უეფას ლიცენზიის მფლობელი გახადა ერთ დროს ნანგრევებად ქცეული ზესტაფონის სტადიონი, სპორტს აზიარა უამრავი მოზარდი, შექმნა მრავალი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი, ევროსარბიელზე ღირსეულად მოასპარეზე კლუბი...

 

გვინდა შეკითხვით მივმართოთ საქართველოს მთავრობასა და მის მეთაურს! კარგია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მისი კომპეტენციის ქვემდებარე ყველა საკითხი ისე რომ აქვს მოგვარებული, მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძემ სულ სხვა სფეროში, კერძოდ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებისათვისაც რომ მოიცალა და სვიანას ტყის რეკრეაციული ზონის მონახულების პარალელურად, დროდადრო ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომებსაც რომ ესწრება...

 

ჩვენთვის კი, იმის გათვალისწინებთ რომ ბატონი აბაშიძე ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავაც საქმიანობს, ამ სტატუსით ინტერვიუებს არიგებს და როგორც ირკვევა, ამ საქმიანობის პროცესში ანაზღაურებად სამუშაოსაც ასრულებს (რაც ფაქტიურად აგენტობას ნიშნავს), საინტერესოა, თუ რამდენადაა შესაძლებელი მინისტრის მოადგილისა და საფეხბურთო აგენტის საქმიანობის შეთავსება და აქვს კი საერთოდ სახელმწიფო მოხელეს სხვა, ანაზღაურებადი საქმიანობის უფლება?


კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ მთელი ეს უადგილო აურზაური წარმოიშვა და გახდა შესაძლებელი იმ საშინელი ვითარების პირობებში, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთში მძვინვარებს.   ამის მიზეზები კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უგუნურ, არაკვალიფიციურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკაშია საძიებელი - ქართული ფეხბურთის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა თავის დროზე სწორედ ფედერაციისა და  მასთან არსებული სტრუქტურების ხან მოქმედებებითა და ხანაც უმოქმედობითაა დიდწილად გამოწვეული...

 

თავის წამოყოფა გაბედეს საქვეყნოდ აღიარებულმა საფეხბურთო "ყომარბაზებმა" და ვითომ "აგენტებმა", რომლებმაც ფეხბურთი თავის "შავ-ბნელი" მერკანტილური ზრახვების რეალიზაციის ასპარეზად წურბელებივით აქციეს; მათი აღვირახსნილობითა და დაუსჯელობით წაქეზებული კლუბიდან კლუბში "ტურისტებივით" მოხეტიალე (მათი) ფეხბურთელები კი ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიმდინარეობის დროს სტადიონის ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებთან "საქმის გარჩევასაც" აღარ ერიდებიან; ხოლო ინვესტორებსა და გულშემატკივარს სტადიონთან ახლოს გავლაც კი შეაზიზღეს. სამაგიეროდ, ქართული ფეხბურთის "მამები" ზემოთნახსენები სუბიექტების ინტერვიუებს ფედერაციის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებენ და აღმასკომის სხდომებზეც კი (!) იწვევენ. ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ახალი პროფესია - "მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი" გაჩნდა...

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჯანსაღი ძალების მოსვლამდე და ქართული ფეხბურთის რეორგანიზაციის საქმის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არ აპირებს სფფ-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, პარალელურად, ჩვენი კლუბი სამართლებრივი გზით იბრძოლებს ფედერაციის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების გასაუქმებლად და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადართა შორის ჩვენი კუთვნილი ადგილის აღსადგენად...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015