Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": გამარჯვება შორეულ ოლსტერში

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" ზესტაფონელთა მორიგ ისტორიულ მატჩზე გესაუბრებით - 2009 წლის 2 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ჩრდილოირლანდიურ ქალაქ ლურგანში ევროპალიგის პირველ გათამაშებაში სადებიუტო შეხვედრა გამართა. ახალ ევროტურნირში (შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ წელს მოხდა უეფას თასის ევროპალიგად ტრანსფორმირება) იმერელთა დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა - ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძელი ”ლისბერნ დისტილერი” 5-1 გაანადგურეს.

 

ევროკომპანიისათვის მზადება ზემოიმერლებმა, რომლებსაც ამ დროისათვის უკვე გიორგი გეგუჩაძე წვრთნიდა, სლოვენიის რესპუბლიკაში, კერძოდ კი ქალაქ პტუიში ნაყოფიერად გაიარეს და შეკრების მიმდინარეობისას რამდენიმე სპარინგ-მატჩიც გამართეს - ზედიზედ ორ შეხვედრაში პოლონურ "პოლონიასთან" დაზავების შემდეგ, დაამარცხეს სლოვენიის ჩემპიონი "მარიბორი" და ფრედ ითამაშეს ამავე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ "გორიცასთან"...

 

ჩრდილოეთ ირლანდიაში ზესტაფონელები მატჩის წინა დღეს, 1 ივლისს ჩაფრინდნენ და ბელფასტის სასტუმრო ”რედისონ-ოტელში” დაბინავდნენ. რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის ოლსტერის დედაქალაქიდან 60-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ლურგანის სტადიონ ”მურნევიუ პარკზე” გაიმართა.

 

მატჩის დაწყებისთანავე, უპირატესობა ხელთ ქართველებმა იგდეს და უკვე 9-ე წუთზე ისინი დაწინაურდნენ კიდევ - შოთა გრიგალაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბრიტანელთა გოლკიპერმა პოლ მერფიმ ბურთი ხელში ვერ შეიკავა, დამატებაზე კი ყველას ნიკა გელაშვილმა დაასწრო... შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და 21-ე წუთზე, იგივე პოზიციიდან, ისევ შოთა გრიგალაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი პირდაპირ მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

 

33-ე წუთზე ნიკა გელაშვილმა დუბლი გაიფორმა - ფორვარდმა მშვენივრად შეირგო ირაკლი ძარიას გამოზომილი გადაცემა და ანგარიში დიდამდე გაზარდა. ნიკა გელაშვილს არც შოთა გრიგალაშვილი ჩამორჩა და 37-ე წუთზე თავადაც დუბლის ავტორად მოგვევლინა. საინტერესოა, რომ ეს ბურთიც შეტევის მარცხენა ფლანგიდან შოთას შეტევაში ჩართვასა და გამოზომილ დარტყმას მოჰყვა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი თორნიკე აფციაურმა გახადა - 52-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, გოლის ავტორს საგოლე პასი ისევ ირაკლი ძარიამ გაუკეთა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოახერხეს, 87-ე წუთზე გატანილი გევინ უილანის პრესტიჟის გოლი გახლდათ.

 

ზესტაფონელებმა კი, თუ არ ჩავთვლით ინტერტოტოს თასზე ყაზახურ "ტობოლთან" ორი წლით ადრე მოგებულ მატჩს, მოიპოვეს ევროტურნირების შეხვედრაში პირველი გამარჯვება (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ისაა, რომ ეს გამარჯვება დიდი ანგარიშითა და თანაც გასვლით შეხვედრაში იქნა მოპოვებული) და ევროპის ლიგის 2009-2010 წლების გათამაშების შემდეგ წრეში გასვლა პირველივე მატჩის შემდეგ ფაქტიურად გაინაღდეს - 5-1.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური, ტრადიციისამებრ, ამ შეხვედრის სპეციალურად მომზადებულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

02.07.2009 - ”ლისბერნ დისტილერი” (ლისბერნი, ჩრ. ირლანდია) - ”ზესტაფონი” 1-5

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015