Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

ვერ გავიგე, მარტო არველაძეებმა ითამაშეს ფეხბურთი?!

დიახ, კალაძეც უნდა ჩაერიოს, მთავრობაც, პარლამენტიც და ყველა, ვისაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია!

 

 

 

 

 

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აქეთ სუპერთასის ბილეთების თემა, იქით - ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის "დისკვალიფიკაციების" საკითხი, ევროტურნირები თუ ფეხბურთის ფედერაციის კარსმომდგარი არჩევნები...

16-გუნდიანმა ჩემპიონატმა ეროვნული პირველობის გეოგრაფია კი გაზარდა, მაგრამ ისიცაა, რომ ბოლო დროს ზესტაფონი უფეხბურთოდაა დარჩენილი...

კლუბის მფლობელი ილია კოკაია შექმნილ სიტუაციაში მის დაფინანსებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. კოკაიასთან საუბარი სწორედ "ზესტაფონის" თემით დავიწყეთ და თანდათან ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებსაც გადავწვდით...


- ბატონო ილია, საუბრის დასაწყისში "ზესტაფონზე" გკითხავთ. როგორი იქნება გუნდის მომავალი?
- როგორც კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, საინტერესო აღარ იყო ეს პროექტი და კლუბს აღარ დავაფინანსებდი.

აჩიკო არველაძემ თქვა გადაცემა "რეაქციაში", თუ 16-გუნდიანი პირველობა არ ვარგა, ბათუმის "დინამოს" მაგალითი ხომ გვაქვს თვალწინ, ევროთასებზე ასეთი გამარჯვება მოიპოვაო. მინდა განმარტება მივცე ამ რეპლიკას და ვკითხო არჩილ არველაძეს - რა, ბათუმის "დინამო" ათ ან 12-გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში ვერ მოახერხებდა ევროსაგზურის მოპოვებას? ან ეს რა არგუმენტია 16-გუნდიანი ჩემპიონატის გასამართლებლად, როცა გეოგრაფია გაიზარდა და ხარისხი დაეცა.

არ შემიძლია, ერთ საკითზეც არ გავამახვილო ყურადღება - გაისმა მილოცვები ქართული გუნდების მისამართით. გულწრფელად ვამბობ, მათმა წარმატებამ ძალიან გამახარა, თუმცა, ევროდუელი ორი მატჩისგან შედგება და წინასწარი ეიფორია არ არის საჭირო. ფეხბურთში პირველი ტაიმის მერე გამარჯვებას არავის ულოცავენ!

ვის არ გაუხარდება ქართული კლუბების წარმატება?! აგერ ბათუმის "დინამომ" ზესტაფონში ითამაშა... მეამაყება, რომ ზესტაფონში შეიქმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ასეთი მაღალი რანგის მატჩები. საწყენია, რომ ბათუმს ასეთი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.

თანაც, რაღაცნაირი აურა აქვს ამ სტადიონს, მოწინააღმდეგეს უჭირს. თუნდაც ჩვენი გუნდის საშინაო ევროთამაშები ავიღოთ - "დაჩიასა" და "დუკლასთან". "ზესტაფონის" ქომაგებიც ბოლომდე დაუდგნენ გვერდით "დინამოს"...

მივუბრუნდები კონკრეტულად "ზესტაფონის" საკითხს. როგორ შეიძლება, ეს გუნდი იყოს ჩემთვის სულერთი? ამ დროისთვის, "ზესტაფონს" არ აქვს არანაირი პრობლემა - არც ფინანსური და არც სხვა. მას აქვს პრობლემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. კლუბმა არ ითამაშა გარიგებული თამაში, წინასწარ მატჩამდე ჩააყენა შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ფედერაცია და მიუხედავად ამისა, ამ ორგანომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება - მოხსნა კლუბი ჩემპიონატიდან და შეუჩერა მას წევრობა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა.

რა არის ამის მიზანი? - არჩევნების წინ არასასურველი ოპონენტის თავიდან მოცილება. დარწმუნებული ვარ, "ზესტაფონს" რომ ეს თამაში ეთამაშა, ფედერაცია გამოიყენებდა კლუბების მიერ ხელმოწერილ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ქარტიას და შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. როგორც შემდგომმა პროცესებმა გვიჩვენა, სფფ ფლობს სრულ ინფორმაციას გარიგებებში მონაწილე პიროვნებების შესახებ და როგორც ჩანს, მათ ხელს აფარებს. მეტიც, ფედერაციის ოფიციალური საიტი ინტერვიუებსაც კი აქვეყნებს მათთან.

ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით - როგორც კი წავა ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, "ზესტაფონი" დაფინანსდება ძველებურად და იქნება ისეთი ანგარიშგასაწევი გუნდი, როგორიც იყო წლების განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ფეხბურთს არა მარტო "ზესტაფონი" დაუბრუნდება, არამედ ბევრი სხვა ინვესტორიც გამოჩნდება. შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული პიროვნებებიც, ვინც ასეთ მზაობას გამოთქვამენ. საქმე ისაა, რომ ესენი წასვლას არ აპირებენ.

არადა, უკვე მარაზმია, რაც ხდება. ახლა უკვე იმასაც ამბობენ, რომ ფიფას რეიტინგი თურმე ტყუილად დგება. თუ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ რატომ დგება საერთოდ ეს რეიტინგები? რატომ ხდება ნაკრებების განთესვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების წილისყრისას ამ რეიტინგების მიხედვით. ხედავთ აქ ლოგიკას?

მითხარით, ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ტყუილად რომ გამოტოვებს, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხომ ჰყავს სპორტული დირექტორი, ხომ არის სანაკრებო დეპარტამენტი?

რას აკეთებს საერთოდ ფედერაციაში ბატონი არჩილ არველაძე? ეს ხომ მისი პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია... თუ მისი დანიშნულება მხოლოდ არჩევნებზე ძმისთვის ხმის მიცემაა? შეიძლება, ყველგან არველაძეები იყვნენ? ლუდის რეკლამაა - არველაძეები, რძის - არველაძეები, რაც კლიპი იქმნება და ისევ არველაძეები... გულწრფელად მეშინია, ერთხელაც რომ გავაღო ჩემი სახლის კარი და იქაც ისინი დამხვდნენ...

- შეცდომა ხომ ყველას შეიძლება მოუვიდეს?..
- ეს არ არის უბრალო შეცდომა. ეს იმ დონის დანაშაულია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია. ძალიან გამიკვირდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის რეაქცია. როგორ შეიძლება, ამას უბრალო შეცდომა დავარქვათ? მე თემურ ქეცბაიასაც ვაკრიტიკებდი, მაგრამ მჯერა: მის დროს ასეთი რამ რომ მომხდარიყო, უმკაცრესი რეაქცია ექნებოდა.

ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ეს ისეთი მასშტაბის დანაშაულია, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. მე მეტსაც გეტყვით: ასეთი ლაფსუსის შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე გადამდგარი იქნებოდა.

- თქვენ ტელეგადაცემაში შეაქეთ კახა ცხადაძე, საქართველოს ნაკრები...
- მე შევაქე შემართების გამო. შედეგი არის სავალალო - 0:4. გულწრფელად გეტყვით, არ მომეწონა "რეაქციაში" ცხადაძის ტონი, სათადარიგოთა სკამზე არ ვმჯდარვარო... ნაკრების სამი მარცხის შემდეგ, მისი ასეთი ტონი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. მისი განცხადებები და ნაკრების შედეგები ორი სხვადასხვა პოლუსია. მე არ მინდა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდეს იმ ანსამბლის წევრი, რომლის წევრებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ, საკუთარი თავის ქებისა და გამოღმა შედავების პრინციპებით ხელმძღვანელობენ...

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ისიც თქვა, ახალგაზრდა ფეხბურთელები დავაწინაუროთო. ისედაც ახალგაზრდა ფეხბურთელების ამარა არ ვართ დარჩენილები? თუნდაც, "დინამო" ავიღოთ - ერთი ან ორი ფეხბურთელი თუ არის 20 წელზე ზემოთ...

ახლა რეზო არველაძე ამბობს, კახა კალაძე თუ ჩაერევა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ღიად ვიტყვიო. გაუგებარია, რა უნდა თქვას არველაძემ კალაძეზე? მე ვერ გავიგე, მარტო არველაძეებმა ითამაშეს ფეხბურთი, თუ როგორ არის ეს საქმე?! კალაძემ ნაკლები ფეხბურთი ითამაშა? დიახაც, ყველა უნდა ჩაერიოს, ვისაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, რადგან დალპა, გაიხრწნა ქართული ფეხბურთი.

 


- კალაძის შესაძლო ჩარევაზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ ის სახელმწიფოს წარმომადგენელია...
- რა სინდისით, რა ნამუსით ლაპარაკობს საერთოდ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაცია? სახელმწიფოს ფულს სთხოვენ და მერე ეუბნებიან, ახლოს არ გაგვეკაროთო. აბსოლუტურად ვეთანხმები დეპუტატ ლორთქიფანიძეს. უნდა ჩაერიოს ყველა, ვინც უკეთესობისკენ წაიყვანს საქმეს. არის თუ არა მათი ფედერაციის დამსახურება, ყველაფერს სათავისოდ ატრიალებენ და ქულებს იწერენ.

- მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ფიფა და უეფა სასტიკად კრძალავენ სახელმწიფოს ჩარევას ფეხბურთის ეროვნული ფედერაციების საშინაო საქმეებში. ამას ხომ შეიძლება, მკაცრი სანქციები მოჰყვეს?
- ჩვენ, ყველა, ვუყურებთ რეალობას და ვაფასებთ მოვლენებს. როცა აღარ იყო მეტი გზა, როცა საჭირო გახდა იოზეფ ბლატერის წასვლა, იცით, თუ როგორი გზით მოიშორა ის მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ. ეს ხომ ფაქტია? იქნებ ბატონი არველაძე ამ პროცესის წინააღმდეგიცაა? იქნებ, მან დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის აზრი...

- ამ დროისთვის წინასაარჩევნო მოზაიკა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობის სასარგებლოდ მეტყველებს...
- ეგენი ოპოზიციურ აზრს არ აჭაჭანებენ. რატომ აქვს ხმის უფლება შეჩერებული "ზესტაფონს"? ორი დღის წინათ მივიღეთ აბსურდული, სასაცილო და გაუგებარი წერილი სფფ-ის პრეზიდენტის ხელმოწერით, თანამშრომლების დავალიანება გაქვთო და ფედერაციის რიგებიდან გაგრიცხავთო.

მე მივმართე კლუბის გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს და იურისტს. მათ მითხრეს, რომ კლუბისთვის დაკისრებული არანაირი დავალიანება არ გვაქვს. 10 ივლისამდე უნდა გადაიხადოთ ეს დავალიანებაო!..

რამდენჯერმე მივწერეთ და ვთხოვეთ, განემარტათ, თუ ვის ჰქონდა კლუბის მიმართ ასეთი პრეტენზია? ხომ უნდა მითხრან, ერთი კაცის დავალიანება მაქვს, თუ ოცის, ხომ უნდა განმიმარტონ? "ზესტაფონი" ეწირება დღეს ამ უსამართლობას. ფეხბურთის ფედერაციამ მოიწვია აღმასკომი. იმ აღმასკომს დაესწრო ფეხბურთელების ინტერესების დამცველი - ვინმე აბაშიძე. მგონი, დღეს მინისტრის მოადგილეა. მას იქ მოუყოლია ამბავი, რომ "ზესტაფონს" აქვს ფეხბურთელების დავალიანება. ადგნენ და ასე შეგვიჩერეს სტატუსი. "ზესტაფონის" პრეცედენტი მხოლოდ პირობითია ამ შემთხვევაში. ხვალ რომ იგივე სხვა კლუბს გაუკეთონ, თუნდაც თბილისის "დინამოს", ვინ არის პატრონი? პარადოქსული ვითარებაა, ტრაგიკომიკური!..

- რას გულისხმობთ?
- დატოვეს მარტო ის ხალხი, ვინც მორჩილად წევს მანდატს. არც მალავენ, რომ ხმათა უმრავლესობა მათ ხელშია... გუშინ გავიგე, ფეხბურთის ფედერაცია თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დახმარებია. თავისთავად, კარგი ჟესტია, მაგრამ სახელმწიფოს გამოართვეს ფული, მერე ის ფული გადარიცხეს და ახლა ისევ სახელმწიფოს სთხოვენ, ფული მოგვეცითო...

რატომ არავის უჩნდება კითხვა, ვისი ფულითა და ბილეთებით ესწრება არველაძეების დიდი გარემოცვა ევროპული ტურნირების ფინალებს, რასაც მეც და ბევრი სხვა ადამიანიც პირადად ბევრჯერ ვართ შესწრებული?

ფედერაციის ჩინოსნები უკვე ყველაფრის კადრულობენ, რომ ოპონენტებისგან მტრის ხატი შექმნან - ჩვენი კლუბის წარმომადგენელმა დარეკა ფედერაციაში და დაინტერესდა, ბილეთების რა რაოდენობა იყო გამოყოფილი კლუბებისთვის. რაზეც მიიღეს გამაოგნებელი პასუხი - კახა კალაძემ 500 ბილეთი წაიღო და ვეღარ მოგცემთ ბილეთებსო. წარმოიდგინეთ, თუ რა ხერხებს ხმარობს ეს ხალხი, როგორ არ ერიდებიან მოსცხონ ჩირქი თავისივე ყოფილ კოლეგას, რომელსაც ამ დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები.

- ისევ "ზესტაფონს" დავუბრუნდეთ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალი სეზონის გაცდენა მოგიწევთ...
- ერთადერთი პრობლემა არის ის, რაზეც უკვე გითხარით. კიდევ ერთია არათანაბარი დაფინანსება. არადა, არის ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, არის სტადიონი... აქ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ითამაშა და თურქეთის უძლიერესი გუნდი გაანადგურა.

კლაუს ტოპმიოლერმა მითხრა ერთხელ - ისეთი ატმოსფეროა, ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრებმა ერთხელ მაინც ითამაშოს ზესტაფონშიო...

გულშემატკივარი ეროვნული გუნდის წაგებას ისე შევაჩვიეთ, შედეგი უინტერესო გახდა. დღეს სტადიონზე შვაინშტაიგერის ბუცებზე საამბოროდ, ლევანდოვსკის და ნოიერის ცოცხლად სანახავად დადიან, ამ დროს კი ეროვნული ნაკრების შედეგი აღარავის აინტერესებს. ადრე ასე არ იყო. თბილისში კიგანიც ჩამოსულა, ჰრუბეშიც, ფაკეტიც, კალტციც, მაგრამ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თამაშისას ჩვენ მათ "მტრებად" აღვიქვამდით... დღეს კი ისე გაიხრწნა ფეხბურთი, რომ ახალგაზრდა თაობა ჩვენი მეტოქეების გულშემატკივრებად გავზარდეთ...

მოლდოვასთან პირველი ოფიციალური მატჩი რომ წავაგეთ, იმათი ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა - ასეთი რამ არ მინახავს, 80 ათასი მამაკაცი ტიროდა წაგების გამო, ასეთი რამ ჩვენთან არც დაესიზმრებათო! ჩვენ ბილეთების შესაძენად რიგებში ღამეებს ვათენებდით და ფეხბურთს გამო ვტიროდით... და მე გულშემტკივართა ამ თაობის წარმომადგენელი გახლავართ!

 


ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015