Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"დავით აბაშიძეზე" გამართული მატჩის გამოძახილი

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 2 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი, რომელშიც ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ კვიპროსულ „ომონიას“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა...


გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ქართული სპორტული გამოცემების პუბლიკაციებიდან, სადაც საუბარი მიდის 2 ივლისს ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე, იმერული კლუბის, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და მისი პერსონალის ესოდენ საპასუხისმგებლო მატჩის მასპინძლობისათვის მზაობის საკითხზე:

 

სპორტული საიტი "მსოფლიო სპორტი": "შოთა ჭეიშვილი (ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი) – “უღრმესი მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ზესტაფონის კლუბისა და სტადიონის წარმომადგენლებს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე უმასპინძლეს დღევანდელ შეხვედრას"...

 

სპორტული საიტი Geosports.ge: "ბათუმის გუნდმა საევროპედ ზესტაფონის "დავით აბაშიძე" შეარჩია. ტრიბუნები, ფაქტობრივად, პირთამდე იყო სავსე და რა გასაკვირია, რომ იქ ბათუმელებთან ერთად ზესტაფონელებიც მრავლად შეიკრიბნენ".

 

სპორტული გაზეთი "ლელო": ""დავით აბაშიძეზე" შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. თუ არ ჩავთვლით კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის "გადანახულ" ადგილებს, სტადიონი, ფაქტობრივად, ბოლომდე შეივსო...

 

თეთრ-ლურჯ ფერებში შემოსილი და სხვადასხვა ატრიბუტიკით აღჭურვილი ქომაგი საყვარელ გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდა. მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის იდეალურ მდგომარეობაში იყო და თამაშის წინ ეს სტუმრებმაც აღნიშნეს. ამინდიც ისეთი იყო, ფეხბურთის თამაშის სურვილს რომ გაგიჩენდათ. დანარჩენი კი ფეხბურთელებზე იყო დამოკიდებული...

 

შოთა ჭეიშვილი: მადლობა ზესტაფონელებს იმისთვის, ასეთი კარგი მოედანი რომ დაგვახვედრეს და მხურვალედაც გვიქომაგეს"...

 

უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმაზეც, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის "წარმატების მომტანის სტატუსი" ამ არენაზე მოასპარეზე ქართული საფეხბურთო კოლექტივებისათვის - თავის დროზე სწორედ ზესტაფონში შეძლო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტელი და თურქი თანატოლების დამარცხება, ეროვნული თასის გათამაშების 2011 წლის გამარჯვებულმა საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ კი "დავით აბაშიძეზე" კვიპროსული ფეხბურთის ერთ-ერთ ფლაგმან ფამაგუსტას "ანორთოსისს" არ დაუტოვა შანსი. დღეიდან ამ სასიამოვნო ჩამონათვალს „ომონიასთან“ დაპირისპირებაში ბათუმელთა მიერ ზესტაფონში მოპოვებული წარმატებაც დაემატა.

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბათუმის დინამოელებსა და ევროპის საკლუბო ტურნირებში მოასპარეზე დანარჩენ ქართულ კლუბებს წარმატებებს უსურვებს!

 

ფოტო საიტიდან www.dinamobatumi.com
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015