02.06.2015
"ლელოს" ინტერვიუ ილია კოკაიასთან
შაბათს საფებურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ თბილისის ზღვაზე მდებარე საკლუბო ბაზაზე ჟურნალისტები და დაინტერესებული საზოგადოება მიიწვია - პრეზენტაცია გამართა. ბაზის კეთილმოწყობა "Hi Tech Irrigation Georgia”-სა და “Lawns of Georgia”-ს დამსახურებაა. ბაზაზე ამჟამად ორი მოედანია. როგორც შევიტყვეთ, ახლო მომავალში იგეგმება კიდევ ერთი, ხელოვნურსაფარიანო მოედნის გაკეთება. აქ იფუნქციონირებს „ზესტაფონის“ საკლუბო აკადემია, სკოლა იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ....
პრეზენტაციას დაესწრნენ კლუბის ხელმძღვანელები, მათ შორის „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია, სტუმრები უკრაინიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან... აქვე ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ზესტაფონში მდებარე საკლუბო ბაზაზეც დაიწყება სამუშაოების ახალი ეტაპი - კერძოდ, იწყება მინდვრის საფარის დათესვა იმ მონაკვეთზე, რომელიც თავის დროზე წყალმა დააზიანა, რის გამოც საფარი შესაცვლელი გახდა.
როგორი იქნება კლუბის მომავალი? რომელ ლიგაში ითამაშებს გუნდი? სურს თუ არა ქართულ ფეხბურთში დარჩენა კლუბის მფლობელს, ილია კოკაიას? ამ და სხვა კითხვებზე ვეცადეთ გვეპოვა პასუხები „ზესტაფონის“ მფლობელ ილია კოკაიასთან ინტერვიუში...
- ბატონო ილია, თავდაპირველად კლუბის თბილისის ბაზაზე გკითხავთ...
- როგორც ხედავთ, აქ არის ორი მოედანი. გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ ერთი, ხელოვნურსაფრიანი მოედანი დავამატოთ. გვექნება საფეხბურთო აკადემია, სკოლა და სარეაბილიტაციო ცენტრი იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. „ზესტაფონი“ არ უღალატებს თავის ტრადიციას და სწავლა უფასო იქნება.
- ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა...
- ეს ასეა და ამას განაპირობებს დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო ვითარება. პარადოქსია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარიგებულ მატჩებთან ბრძოლით. საერთოდ, შექმნილი ვითარება არის ძალიან სამწუხარო.
ჩვენი ბრძოლა არის მძიმე და სამართლიანი. დღეს ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ მარტო, მაგრამ მოვა დრო და მარტო აღარ ვიქნებით. მტკიცედ მწამს ამის.
ვიყავი ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე. „დნიპრომ“ რაც გააკეთა და რასაც მიაღწია, სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის. არადა, იყო დრო, ჩვენ არ გვყავდა „დნიპროზე“ ნაკლები გუნდი. ყველას გვახსოვს ის დრო. თუნდაც შეკრებებზე გვითამაშია მათთან.
- „ზესტაფონმა“ ლოზანაში გაასაჩივრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან კლუბის მოხსნის თაობაზე?
- ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. ჯერ ვერ გავასაჩივრეთ იმ მიზეზის გამო, რომ ადგილობრივ სასამართლოში უნდა ამოიწუროს ყველანაირი რესურსი. როცა ეს მოხდება და თუ არ იქნება შედეგი, მაშინ მივმართავთ ლოზანას სასამართლოს.
ჩვენ უკვე გვაქვს იმის პრეცენდენტი, რომ კლუბმა ლოზანაში გაასაჩივრა ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი ვერდიქტი და ესა საქმე მოიგო კიდეც. ვგულისხმობ ბელარუსის „ბატეს“...
მინდა, ისევ დღევანდელი პრეზენტაციის თემას დავუბრუნდე. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, დრო ვერ გამონახეს. არადა, რასაც ვაკეთებთ, ხომ ქართული ფეხბურთისათვის ვაკეთებთ...
- შეატყობინეთ ფეხბურთის ფედერაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ?
- რა თქმა უნდა...
- მოახლოვდა ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. როგორია თქვენი პოზიცია, თუ გყავთ კანდიდატი, რომელსაც უჭერთ მხარს?
- დღევანდელი ვითარებით, „ზესტაფონს“ შეჩერებული აქვს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი და ის ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვიცი ერთი - ეს "გუნდი" უნდა წავიდეს. მათ უკვე მოსპეს ყველაფერი, რისი მოსპობაც შესაძლებელი იყო. ქართული ფეხბურთი უმძიმეს დღეშია. მას სჭირდება ახალი ხალხი, ახალი სისხლი...
- დღეს ბევრი კითხულობს, არსებობს თუ არა“ზესტაფონი“?
- გუნდი აგრძელებს არსებობას. ამის დასტურია დღევანდელი ღონისძიებაც. ჩვენ ვცდილობთ, ქართული ფეხბურთისათვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ.
- ვიცით, რომ ზესტაფონის საკრებულოსთან კვლავ გრძელდება მუშაობა. ბოლოსდაბოლოს, მიიღებს კლუბი შეპირებულ თანხას?
- ეს უკვე ზესტაფონის საკრებულოს გადასაწყვეტია. როცა ამ სააკითხის განხილვა იყო, მგონი, 13 დეპუტატი იყო დაფინანსების მომხრე. ესეც არ არის ცოტა...
- რა შეიძლება ითქვას გუნდის მომავალთან დაკავშირებით?
- ჩვენ საქართველოში მოვიგეთ ყველა ტიტული. ვითამაშეთ ევროთასებზე. ყველაფერი გამოვცადეთ და ვნახეთ. ასეთ ვითარებაში, თუ არ შეიცვალა მიდგომა, ნაკლები აზრია ყოველივე ამაში. მთლიანად ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაციაა გამოსასწორებელი, ცალკე აღებული „ზესტაფონი“ ვერაფერს შეცვლის.
- დავუშვათ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოგიწიათ ასპარეზობა. მზად ხართ საამისოდ?
- რა პრობლემაა! რა, პირველი ლიგა ჩვენი არ არის?! ბევრი გუნდი ყოფილა პირველ ლიგაში და დაბრუნებულან ისევ უმაღლესში. მათ შორის - გრანდები. მთავარია, საქმისადმი მიდგომა შეიცვალოს.
პირველ ლიგაში თუ ვითამაშებთ, გვეყოლება მეტი ახალგაზრდა, მეტი ადგილობრივი ფეხბურთელი. ბოლოსდაბოლოს, პირველი ლიგის გუნდი ჩამოვა და ითამაშებს ნორმალურ მინდორზე. არა, ამაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, ოღონდ უნდა შეიცვალოს მიდგომა.
მე ვიცი, რომ პირველი ლიგიდანანაც შეიძლება ევროთასებზე გასვლა და ეს გზა არის საქართველოს ეროვნული თასის მოგება...
|