30.05.2015
პრეზენტაცია ზესტაფონელთა თბილისის ბაზაზე
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისის ბაზაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, მწვანე საფარის დაგების პროცესი დასრულდა. სადღეისოდ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დედაქალაქურ ბაზაზე მაღალი დონის ორი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანია ამოქმედებული.
მიმდინარე წლის 30 მაისს იმერული კლუბის თბილისის ბაზამ ერთბაშად ორი კომპანიიის წარმომადგენლებს უმასპინძლა: "Hi Tech Irrigation Georgia"-ს, რომელიც საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს და ქართულ-უკრაინულ კომპანია "Lawns of Georgia"-ს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს ამზადებს.
დმიტრი როჟნოვი (კომპანია "Hunter"-ს წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში): "მოხარული ვარ, რომ კომპანია "Hunter" დღეიდან საქართველოშიც ფუნქციონირებს. საქართველო არაა დიდი ქვეყანა, თუმცა, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესოა აქ ჩვენი ბიზნესის საწარმოებლად... ჩვენი კლიენტები არიან კიევის "დინამო", "ტოტენჰემი", "სევილია"... ყველა კლუბის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს... საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე დამონტაჟებულია სწორედ ის საირიგაციო სისტემა, რომელიც ჩვენმა კომპანიამ ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანის "პარი სენ-ჟერმენის" ბაზის მშენებლობისას გამოიყენა. სხვათაშორის, თქვენი კლუბის ბაზა ნამდვილად არ ჩამოუვარდება პარიზელთა სპორტულ კომპლექსს... მინდა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" წარმატებები ვუსურვო!"
ვადიმ მეშჩერიაკოვი (კომპანია "Lawns of Georgia"-ს ხელმძღვანელი): "როგორც მოგეხსნებათ, ჩვენი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის რულონურ გაზონებს. "Lawns of Georgia" საქართველოსა და უკრაინაში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად აშენებს სპორტულ მოედნებს, ასევე ახორციელებს ლანდშაფტურ სამუშაოებს. სასიხარულოა, რომ "Hi Tech Irrigation Georgia"-სთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ასეთი მშვენიერი საფეხბურთო კომპლექსის შექმნა მოვახერხეთ. უნდა ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში "Hunter"-ის" თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქციით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ზესტაფონში მდებარე ბაზაც აღიჭურვება".
მიხეილ ხუციშვილი (საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი): "ჩვენი კლუბი ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს. “ზესტაფონის” ხელმძღვანელობა ყოველთვის დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფეხბურთო კომპლექსის ამოქმედება დიდ სამსახურს გაუწევს როგორც უშუალოდ ჩვენს კლუბს, ასევე ზოგადად ქართულ ფეხბურთს".
უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსის და ზემოთნახსენები კომპანიების ერთობლივ პრეზენტაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქართული მედიის წარმომადგენელებიც მრავლად ესწრებოდნენ...
|
|
|
დმიტრი როჟნოვი (კომპანია "Hunter"-ს წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში) |
|
ვადიმ მეშჩერიაკოვი (კომპანია "Lawns of Georgia"-ს ხელმძღვანელი) |
|
თამარ კოკაია (კომპანია "Lawns of Georgia"-ს მენეჯერი) |
|
თამარ ნოდია (კომპანია "Hi Tech Irrigation Georgia"-ს მენეჯერი) |
|