Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.05.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ილია კოკაია "სანაიას ეთერში"

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 6 მაისს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში, თოქ-შოუ "სანაიას ეთერის" მორიგი გამოშვება გავიდა. გადაცემის, რომელიც ისევ ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალურ ამბებს მიეძღვნა, პირველი ბლკის სტუმარი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მფლობელი, ბატონი ილია კოკაია გახლდათ.

 

გთავაზობთ ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს და "ზესტაფონის" მფლობელის ინტერვიუს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ ვერსიას:

 

"ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია TVS-ის ეთერში ჩაერთო და ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა. გთავაზობთ მისი გამოსვლის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს...

"...სამწუხაროა, რომ ქართულ ფეხბურთში არის ეს საზიზღრობა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოპერატიულად იმუშავეს. თუმცა ესენი მხოლოდ ლიფსიტები, შემსრულებლები არიან.

...შინაგან საქმეთა სამინისტროში ტომობითაა საქმეები. თავად ვნახე. 2013 წელს მივეცი ჩვენება ყოფილ კუდ-ში. მაშინ მითხრა გამომძიებელმა, ეს სულ საფეხბურთო საქმეებიაო. ხუთ რიგად იდო A4-ის ფურცლები. ყველამ ყველაფერი იცის კულუარებში, ფეხბურთის ფედერაციაში. არავინ ხმას არ იღებს, სამწუხაროდ...

...ვინ აფარებს მათ ხელს? არ მოვერიდები თქმას - ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. სეიფებში უდევთ უეფადან გამოგზავნილი საქმეები. "ზესტაფონმა" გამოააშკარავა გარიგების საფრთხე და რა უქნეს "ზესტაფონს"? ჩემპიონატიდან მოხსნეს...

...ერთ-ერთი დაკავებული არის გენძეხაძე. ის ჩემთანაც მუშაობდა თავის დროზე კლუბში. როცა შევიტყვე, რისთვის იყო მოსული, მივაბრძანე იქიდან. მაშინ მოდაში არ იყო გარიგებები. მსაჯებზე უფრო გადიოდნენ. იმ დროს ვინც მყავდა მწვრთნელი, არ მოიშორა იმან და მომიწია მწვრთნელის გუნდიდან გაშვება.

...შემდეგ ეს გენძეხაძე აღმოჩნდა საჩხერეში, ჩავედი თამაშზე და დავინახე. ვუთხარი ზვიად სიჭინავას - თუ ეს არ მოშორდება სტადიონს, გუნდს სათამაშოდ არ გავიყვან-მეთქი...

...ვინ იყო ეს მწვრთნელი? თემურ მახარაძე. ის გულის სიღრმეში წესიერი ადამიანია. უბრალოდ, სისტემის მსხვერპლი იყო. თვითონ მეუბნებოდა, რამდენიც უნდა ვეცადოთ, ამას ვერ მოვერევით. ჩვენ კი არ უნდა მოგვემხროს მსაჯი, არ უნდა "დაგვწვასო"...

...მერე მოდის გახმაურებული თასის ფინალი "დილასთან". ეს მთელი კრიმინალური ისტორიაა. ჩვენ და რუსთავის "მეტალურგი" ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის. იმ დროს "მეტალურგი" დავით კირკიტაძის კლუბი იყო.

მაშინ მივიდა გორში შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვანო მერაბიშვილის თამადობით; ასევე, მამუკა ჯუღელი, ვინც სახელი გაითქვა რუსეთის საფეხბურთო წრეებში მუშაობით... და დაიწყო "დილას" თავბრუდამხვევი აღმასვლა. ჩემპიონობასა და საპრიზო ადგილებს ვეღარ შესწვდებოდნენ და ევროთასებზე გასვლის ერთადერთი შანსი ჰქონდათ - საქართველოს თასი...

...სხვათა შორის, მეც მაინტერესებს ჯუღელის როლი "დილაში". როცა ეს კითხვა დავსვი, ოფიციალურად განაცხადა "დილამ", რომ ეს არის წარმატებული აგენტი, რომელიც კლუბთან თანამშრომლობს... ჯუღელი ფიფას ლიცენზირებული აგენტი არ არის. ამის ნახვა ფიფას საიტზე მარტივად შეიძლება. ასეთ არალიცენზირებულ აგენტებთან თანამშრომლობა კი კლუბებს ეკრძალებათ...

...მაშინ ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე "ზესტაფონმა" გაინაღდა თასის ფინალის საგზური. ჩემპიონობისთვის კი ვიბრძოდით ჩვენ და "მეტალურგი". "შერატონში" შემხვდა დავით კირკიტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. მათ მითხრეს, "დილამ" უნდა აიღოს თასი და თქვენ გახდებით ჩემპიონებიო. მე ვუთხარი, რომ ჩემი გუნდი არ წავიდოდა ამაზე და თუ ასეთი მეთოდებით გაგრძელდებოდა ბრძოლა, თუ გარიგებას შემომთავაზებდა ვინმე, მაშინ არ გავიდოდით ფინალის სათამაშოდ, რის შემდეგაც თასი ავტომატურად ერგებოდა "დილას".

 

...მერე ჩვენ და "მეტალურგმა" დავაგროვეთ ერთნაირი ქულები. ატყდა დიდი სკანდალი. ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე წავიდნენ მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ ენახათ. მერე კი ბრაზილიაში უნდა წასულიყვნენ კონფერენციაზე. ჩავედი მეც მიუნხენში და ძალიან ცუდ ხასიათზე დამხვდა სიჭინავა. პლატინის უთქვამს, წადით საქართველოში და ეს საქმე ისე გამოასწორეთ, როგორც აურიეთო. გამოუშვა უკან...

...რაც მოხდა თასის ფინალში, ყველამ იცის. მსაჯი იყო ლევან კვარაცხელია. ამ სირცხვილის ამბავი ყველამ იცის. სად არის დღეს კვარაცხელია? ისევ მსაჯობს! სად არის მამამისი? სამეგრელო-სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. მისი ხმა არჩევნებში ძალიან სჭირდება ზვიად სიჭინავას.

..."ფეისბუქის" გახსნის მეშინია. ათასობით წერილს ვიღებ ჩვენი კლუბის ქომაგებისგან. მე არ მაქვს უფლება, მივატოვო ისინი...

...ბატონი ზვიად სიჭინავა ჩემთან ვერ დაჯდება პირდაპირ ეთერში. ასეთ მომენტებში ის თავს არიდებს პოლემიკას, თიშავს ტელეფონს ან მივლინებით მიდის საზღვარგარეთ. მე კი ასეთი ფორმატისთვის მზად ვარ.

...ფედერაციის ეს შემადგენლობა უნდა წავიდეს ქართული ფეხბურთიდან! ლევან ყიფიანის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. ტარიელ ხეჩიკაშვილის მინისტრობას მივესალმები. გვაქვს უკეთესობის მოლოდინი".

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015