Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

იმის შესახებ, თუ "რა სურთ ზესტაფონში"

 

 

 

 

 

 

 

სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაშის" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან, რომელშიც რესპონდენტი "საქართველოს ჩემპიონატიდან მოხსნილ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალურ ამბებზე" საუბრობს.

 

ათწლიანი არსებობის მანძილზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ვებგვერდზე არასდროს გამოქვეყნებულა ისეთი მასალა, რომელშიც კონკრეტულ პირთა პრივატულ საუბრებში "სიტყვა-სიტყვით" ნაამბობი იქნებოდა განხილული, თუმცა ახლა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეს "დაუწერელი წესი" უნდა დავარღვიოთ და ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას საქმის დეტალები უნდა გავაცნოთ...

 

ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ გაზეთ "ჩვენს თამაშში" გამოქვეყნებულ მასალაში გაჟღერებული რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა და არ დავაზუსტოთ გარემოებათა რიგი და მათი თანმიმდევრობა. მითუმეტეს, რომ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენ ტყუილსა და მისი სახელის დისკრედიტაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა.

 

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ გორელებთან არშემდგარი მატჩის წინა დღეებში ბატონ რევაზს ნამდვილად ჰქონდა სატელეფონო კავშირი როგორც ჩვენი კლუბის გენერალურ დირექტორთან, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთანაც. ამ ადამიანებთან კომუნიკაციის მიზანი კლუბისა და გუნდის გადასარჩენად გზების ძიება გახლდათ, რის გამოც კლუბიც და მისი ქომაგიც ნამდვილად მადლიერია.

 

თუმცა, "ჩვენი თამაშის" ფურცლებზე დაბეჭდილ ინტერვიუში ბატონი რევაზი "დელიკატურად" უვლის გვერდს მთავარს - "ზესტაფონის" ფეხბურთელთან ბინძური გარიგების მცდელობის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი "ზესტაფონისა" და "დილას" მატჩის წინა დღეს (შაბათს, 18 აპრილს) ფლობდა.

 

ახლა კი დაპირებული დეტალები - შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ბატონი რევაზი ჩვენი კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ჩააყენა. მანვე თხოვა ფედერაციის მეორე პირს, სიტუაციის უფრო დეტალურად განხილვის მიზნით, "ზესტაფონის" მფლობელ, ბატონ ილია კოკაიას შეხმიანებოდა. ბატონი რეზისა და ბატონი ილიას საუბარი სწორედ 18 აპრილს, ესე იგი, მატჩის წინა დღეს, დღის 12:00 საათზე შედგა. კლუბის მფლობელმა, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, მატჩის გადადება ითხოვა და იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ ბოლო პერიოდის მანძილზე მასსა და ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტს შორის საერთოდ არ შემდგარა სატელეფონო რეჟიმში კომუნიკაცია, თხოვა ბატონ რეზის შექმნილი სიტუაციის შესახებ საქმის კურსში სფფ-ს პრეზიდენტის ჩაყენება.

 

მეტიც, "ზესტაფონის" მფლობელმა ფედერაციის გენერალურ მდივანს თხოვა, რომ, სიტუაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბატონი ზვიადი მას ტელეფონით დაკავშირებოდა, რასაც ბატონი რეზის მხრიდან უმოკლეს დროში ასეთი ზარის განხორცილების დაპირება მოჰყვა. სამწუხაროდ, ბატონ ზვიადს "ზესტაფონის" მფლობელთან აღარ დაურეკავს, "ზესტაფონი" გორელთა წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა და ჩემპიონატიდან სწორედ ის გუნდი მოხსნეს, რომლის წევრებმაც, მიუხედავად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობისა, სიბინძურისაგან თავის შორს დაჭერა ამჯობინეს.

 

როგორც მოგეხსენებათ, "დილასთან" არშემდგარი მატჩის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - ზესტაფონელები ჩემპიონატიდან მოხსნეს, რამაც კლუბის მენეჯმენტი დისციპლინართა გადაწყვეტილების გასაჩივრების აუცილებლობის წინაშე დააყენა (რომ არა ამჯერადაც გულშემატკივართა ფინანსური თანადგომა, კლუბს აპელაციის შესატანად საჭირო ბაჟის გადახდის პრობლემაც კი ექმნებოდა). პარალელურად, კლუბის ფეხბურთელთან კრიმინალური გარიგების მცდელობის გამო, ზესტაფონელებმა მიმართეს სამართალდამცავებს განცხადებით, რომელშიც მითითებულია საქმესთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი.

 

გაგრძელება კი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა - ბოლო-ბოლო გაირკვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი გუნდის ფეხბურთელთან კრიმინალური გარიგების მცდელობის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტისთვის (ამის შესახებ თავად ბატონმა ზვიად სიჭინავა განაცხადა) საერთოდ არ უცნობებია.

 

საინტერესოა, რომ გაზეთ "ჩვენი თამაშის" პუბლიკაციის ("რა სურთ ზესტაფონში?") ბოლო ნაწილში ბატონი რევაზ არველაძე საუბრობს იმაზე, რომ ზესტაფონელები მისთვის ხელის შეშლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ცდილობენ. გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ვუპასუხოთ ამ მასალის სათაურში გაჟღერებულ კითხვას - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" და მისი გულშემატკივრების უმეტესობას გვსურს, რომ ქართულ ფეხბურთს ბოლოს და ბოლოს მოშორდნენ ბინძური "საქმოსნები", რომ ფედერაციის გენერალური მდივანი არ უმალავდეს საზოგადოებასა და სათანადო ინსტანციებს საფეხბურთო მატჩის გარიგების მცდელობის შესახებ ინფორმაციას, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც საფეხბურთო ოჯახის წინაშე არსებულ პრობლემებს გულთან მიიტანს და ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად მაქსიმუმს დაუფიქრებლად გააკეთებს ...

 

რაც შეეხება ბატონ რეზის, მას შემდეგ რაც მისსავე, საფეხბურთო "ოჯახში" კრიმინალის ჩადენის ფაქტს სწორედ ისე მოეკიდა, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი ვიდეომასალიდან ჩანს; მას შემდეგ, რაც ინფორმაცია შექმნილი საგანგაშო ვითარების შესახებ ფედერაციის ხელმძღვანელს დაუმალა და ასეთ სიტუაციაში კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს არ მიმართა, ჩვენის აზრით, აუცილებელია რომ დღის წესრიგში მისი დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი დადგეს. ამ ბოლო დღეებში დატრიალებული ამბების შემდეგ მას საფეხბურთო ოჯახის პირველკაცობის მორალური უფლება აღარ გააჩნია!

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015