21.04.2015
ილია კოკაიას ექსკლუზიური ინტერვიუ
მიმდინარე წლის 20 აპრილს დავით მინაშვილის საავტორო თოქ-შოუ "არენაში" გავიდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მესაკუთრის, ბატონი ილია კოკაიას ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც საუბარი კლუბში შექმნილ ვითარებასა და ბევრ სხვა ძალიან საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს შეეხო.
აქვე გთავაზობთ ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას:
"ზესტაფონში" დაახლოებით ისეთი ამბავი მოხდა, როგორც ქართულ ხალხულ ზღაპარში, მგელი მოდისო და არავის რომ არ სჯეროდა...
ილია კოკაიას წასვლა ბევრს მართლაც ზღაპარი ეგონა და დარწმუნებულები იყვნენ, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი "რაღაცას თამაშობდა", მაგრამ ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა და ქართული ფეხბურთიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი წავიდა.
"ზესტაფონის" მეპატრონემ გადაცემა "არენაში" მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობა დაასახელა:
...მანამდე კლუბის შენახვას აზრი არ აქვს
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სახელმწიფომ ყველა გუნდი თანაბრად უნდა დააფინანსოს. რადგან ეს ხმა არ შეისმინეს, ქართულმა ფეხბურთმა ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი დაკარგა.
ალბათ, კიდევ მეტს დაკარგავენ, რადგან ინვესტორისთვის გაუსაძლისი მდგომარეობაა, როცა სახელმწიფო შენივე ფულით გებრძვის. არათანაბარი პირობები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ქართული ფეხბურთიდან წავედი. აქ მხოლოდ "ზესტაფონზე" არ არის ლაპარაკი, გლობალურ პრობლემას ვგულისხმობ და სანამ სახელმწიფო მას არ გადაწყვეტს, მანამდე კლუბის შენახვას აზრი არ აქვს.
არადა, ამის მოგვარება ადვილია. მაგალითად, ბევრისთვის გაუგებარია, რატომაა აუცილებელი კლუბების თანაბარი დაფინანსება და რა ვალდებულია სახელმწიფო, კერძო და მის დოტაციაზე მყოფი კლუბი თანაბარ პირობებში ჩააყენოს.
დავინტერესდი და დავადგინე, რომ ევროპაში, იმ ქვეყნებშიც კი, ადრე კაპიტალისტურს რომ ეძახდნენ, დოტაცია მიღებული ფორმაა და კლუბების 99 პროცენტს სახელმწიფო ამა თუ იმ ფორმით ეხმარება. ეს იქნება კომუნალური გადასახადების გასტუმრება, ინფრასტრუქტურული ხარჯების საკუთარ თავზე აღება, საგადასახადო შეღავათები და ასე შემდეგ.
ვიცი კონკრეტული მაგალითები, როგორ არის ბელგიაში, ავსტრიაში... მაგალითად, საფრანგეთში კლუბებს საშემოსავლო გადასახადებს არ ახდევინებენ და ვალად უთვლიან, სანამ კლუბი მომგებიანი არ გახდება. მერე მოგებიდან მიაქვს ეს თანხა.
ჩვენ ეს ყველაფერი კი კისერზე გვაწევს, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული ხარჯები. აბსურდი ისაა, რომ ინფრასტრუქტურის შექმნაში მილიონებს ვხარჯავთ და მერე მის გადასახადსაც ვიხდით! მერე ეს სახსრები ბიუჯეტიდან სახელმწიფო კლუბებს ხმარდება, ჩვენთვის კი არაფერი ემეტებათ.
ახლა გავიგე, რომ ქედის გუნდის ყოველწლიური ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. გამიხარდა! 800 ათასი კი არა, ნეტავ 8 მილიონი მისცენ! მაგრამ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ. ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ბიუჯეტში სახსრები შეგვაქვს და მაინც გერების როლში უნდა ვიყოთ"?
გამგებელი პასუხს ვერ მცემდა...
კოკაია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობს:
"რაიონის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე შევხვდით. შარშან 300 ათასით დაფინანსებას შეგვპირდნენ, მაგრამ მხოლოდ 100 ათასი დაგვირიცხეს. წელს გავაფრთხილე, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა და პასუხისმგებლობა თავადაც უნდა აეღოთ.
ვერ ჩამოვთვლი მათ მიერ მოგონილ მიზეზებს. ერთი იყო კლუბის ვალები - ეს რომელ კლუბს არ აქვს? მათ შორის, იყო ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიების ვალი და საგარანტიო წერილი მივეცი, რომ მისი გასტუმრება ჩემი პრობლემა იქნებოდა.
მერე ვალების კაპიტალიზაცია მოითხოვეს და ესეც გავაკეთე. ყველაფერზე წავედი, მაგრამ გამგებელს კონკრეტულ
კითხვას რომ ვუსვამდი, ანგარიშზე თანხის დასასმელად კიდევ რა საბუთი იყო საჭირო, პასუხს ვერ მცემდა".
ვერსია "ზესტაფონის" წინააღმდეგ შეთქმულებაზე
კოკაია ლაპარაკობს გავრცელებულ ვერსიაზეც, თითქოს, მის ხარჯზე სხვისი დაწინაურება სურთ:
"ამ ყველაფრის შემდეგ ვიგებ, რომ მესამე ლიგაში არის გუნდი, სადაც მათი შვილები თუ ახლობლები არიან და თამაშობენ, ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარით აფინანსებენ და სავარჯიშოდ კი ჩემს ბაზებს იყენებს. გვიმტკიცებენ, რომ მზად არის სქემაც - "ზესტაფონი" თუ დაიშლება, მას დააწინაურებენო.
ჩემთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ანუ ეს ხალხი თავის პირად ინტერესს ქვეყანასა და საქმეზე მაღლა აყენებს. ზესტაფონელებს ვეუბნები, რომ მათი ერთადერთი ხსნა ამ ხალხის გადაყენებაა. ადამიანი როცა სახელმწიფო სამსახურში მიდის, სახელმწიფო ინტერესები უნდა ადარდებდეს და არა - პირადი.
მარტში გამგეობის საგანგებო სხდომა გაიმართა, კლუბის დაფინანსების საკითხი რომ განეხილათ და იცით, რა უნიკალური გადაწყვეტილება მიიღეს? პრემიები გაიორმაგეს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ამ სხდომაზე გულშემატკივრებიც იყვნენ და უთხრეს, გუნდს უშველეთ, რა დროს პრემიებიაო!
საბედნიეროდ, იქ ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ უმრავლესობას პირადი ინტერესები ამოძრავებს. ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ამ ქალაქმა კი, მე, როგორც ინვესტორი, დამკარგა".
გარიგების საფრთხე
ფეხბურთის ფედერაციის პრობლემაზე საუბრისას კოკაიამ სკანდალური განცხადება გააკეთა:
"სამწუხარო და გაუგებარია, სფფ-ის სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაცია რომ არ გააჩნია. არ მინდა, რომ "ზესტაფონი"-"დილას" თასის ფინალის მსგავსი კიდევ განმეორდეს, მაგრამ ის პიროვნებები ისევ შემოვიდნენ და აქ არიან, ფედერაცია კი ამაზე რეაგირებას არ აკეთებს.
ამას გარდა, ორი თვეა, მოთამაშეები გასამრჯელოს ვერ იღებენ - შემოსავალი არ აქვთ და რაღაცნაირად უნდა იშოვონ. ეს არის პირდაპირი საფრთხე, რომ გარიგებებში მონაწილეობა მიიღონ. ამაზე ფედერაციას ვაფრთხილებდი.
"დილასთან" თამაშამდე კი ცუდი სიგნალი მოვიდა, რომ რამდენიმე მოთამაშეზე იყო ზეწოლა, ზოგმა თამაშზე ტრავმის გამო უარი თქვა, ერთს კი შეხვდნენ და გარკვეული თანხა შესთავაზეს. ამ საკითხს სამართალდამცველ ორგანოებს აუცილებლად ვაცნობებ. ეს კლუბის ხელმძღვანელობამ რომ შეიტყო, ფედერაციას "დილასთან" თამაშის გადადება სთხოვა.
გუშინ რევაზ არველაძემ დამირეკა და ვუთხარი - "ზესტაფონს" პატიოსანი სახელი ჰქონდა და ამას მაინც გავუფრთხილდით, მოედანზე გუნდის გაყვანა ამიტომ ვერ გავრისკეთ-მეთქი".
ბელგიური პერსპექტივა
კოკაიას თქმით, შესაძლოა, უცხოური კლუბი დააფინანსოს:
"ფეხბურთიდან არ წავსულვარ, ვარ და ვიქნები. თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ბაზას მივხედავ და ბავშვთა სკოლას გავხსნი. მაგრამ კლუბის დაფინანსება შევწყვიტე მანამ, სანამ სახელმწიფო შესაბამის და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს - არც სხვა ქართულ კლუბს დავაფინანსებ.
ქართულ ფეხბურთშიც ბევრი რამ რომ არის შესაცვლელი, ესეც აშკარად ჩანს. არ მესმის, რა მოსწონთ 16-გუნდიან ჩემპიონატში. ამაზე დაბალი ხარისხი არსებობს? დაძაბულობააო, რომ ამბობენ, ეს კლასზე არ მეტყველებს...
ამ დროს კი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს ევროპული კლუბებიდან, სადაც, სხვათა შორის, ბევრად ნაკლები ხარჯია საჭირო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად - სულ 1.5 მილიონი ევრო. ლაპარაკია ბელგიურ კლუბზე.
მოსალაპარაკებლად კიდევ ერთ ქვეყანაში მივდივარ. იქნებ იქ მაინც განვახორციელო ის პროექტი, რაც საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბელგიის პირველი ლიგის კლუბებშიც კი თამაშზე 5 ათასზე ნაკლები ბილეთი არ იყიდება. ქართული ფეხბურთი კი ინვესტორისთვის უინტერესოა, რადგან მაყურებლისთვის საინტერესო პროდუქტს ვერ ქმნის. სტადიონზე 100 კაცი რომ მოდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს და კლუბი ვისთვის დავაფინანსო"?
|